უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებულ ცვლილებებს განხილვას. მათი უმეტესი ნაწილი საერთაშორისო ვალდებულებებითაა ნაკისრი, რაც ამთავითვე მისასალმებელია. თუმცა, ვფიქრობთ, დამატებით დისკუსიასა და ანალიზს საჭიროებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის ცვლილება.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება ნებისმიერ პირს, ყოველგვარი საფასურის გარეშე შეუძლია. ცვლილებებით კი შემოთავაზებულია ერთი მხრივ - გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირთა წრის დავიწროება,[1] ხოლო მეორე მხრივ - საფასურის დაწესება საჩივრის წარდგენისთვის.[2]
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები განპირობებულია სააგენტოში წარდგენილი დაუსაბუთებელი საჩივრებით, რაც შესყიდვის პროცედურას აბრკოლებს.
ცხადია, გასათვალისწინებელია შესყიდვაში მონაწილე სუბიექტთა ინტერესი - პროცედურის დროულ და ეფექტურ წარმართვასთან დაკავშირებით, თუმცა ამავდროულად მხედველობაშია მისაღები საზოგადო ინტერესი - საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვასთან დაკავშირებით. შესყიდვის ნებისმიერ ეტაპზე დაინტერესებულ პირთა ჩართულობა, ვიწრო სუბიექტურ ინტერესებთან ერთად, საზოგადოებრივი მონიტორიგის მექანიზმის ფუნქციასაც ასრულებს. შესაბამისად, მსგავსი შესაძლებლობის შეკვეცა (როგორც საფასურის დაწესების, ასევე პირთა წრის შეზღუდვის თვალსაზრისით) მხოლოდ საჯარო და კერძო ინტერესთა თანაზომიერი ბალანსის შედეგად უნდა მოხდეს. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ სახელმწიფო ტენდერებთან მიმართებით, სადაც დასკვნით ეტაპზე მხოლოდ ერთი პრეტენდენტი ახერხებს გადასვლას. აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული ცვლილებების არსებითი ხასიათის მიუხედავად, განმარტებითი ბარათი არ შეიცავს საკითხის სიმწვავისა და საჭიროების სიღრმისეულ დასაბუთებას, რაც კიდევ ერთხელ სადავოს ხდის ამგვარი გადაწყვეტის მართებულობას.
საია იმედს იტოვებს, რომ საქართველოს პარლამენტი დასახელებული კანონპროექტის განხილვისას გაითვალისწინებს ყველა იმ შესაძლო შედეგს, რაც ცლილებების წარმოდგენილი სახით მიღების თანმდევი შეიძლება იყოს.
[1] სააგენტოსა და შემსყიდველ ორგანიზაციაში შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრებას მხოლოდ ის პრეტენდენტი შეძლებს, რომელსაც მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები;
[2] საჩივრის წარდგენისთვის განსაზღვრული საფასური შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%-ს, თუმცა არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარს შეადგენს;