სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმის განხილვას იწყებს

2022-07-20 01:12
Featured image

დღეს, 2022 წლის 20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულები  მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის სისხლის სამართლის საქმის განხილვას იწყებს.

 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებებით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც შეიცავდა მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების ფაქტებს. საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, პოლიციელის ქმედება შეფასდა, როგორც არაადამიანური მოპყრობა.

 

ამავე ფაქტზე ბრალდებული მეორე პირის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე თანამშრომლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში ედებოდა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

 

იმედს გამოვთქვამთ, ნაფიცი მსაჯულები სრულად გაიზიარებენ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტაციას და შესაბამისად, გამოიტანენ სამართლიან ვერდიქტს.

 

არასრულწლოვნის ინტერესებს საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში იცავს საია.