სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ბიძინა ივანიშვილზე აქცენტირება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებს ემსახურება

2020-08-10 11:25
Featured image

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 6 აგვისტოს, CODVID-19-ის შედეგების წინააღმდეგ მიმართული, ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი გააცნო საზოგადოებას.[1] გეგმა სოციალური მხარდაჭერის რამდენიმე მსხვილ მიმართულებას მოიცავს.[2] ხელისუფლებას ვალდებულია კრიზისგან მიყენებული დარტყმების შესარბილებლად საზოგადოებისთვის სოციალური დაცვის მექანიზმები შეიმუშავოს. თუმცა, ასეთ დროს ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ წინასაარჩევნოდ, მმართველმა პარტიამ ანტიკრიზისული პაკეტები, როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ისე გამოიყენოს. ამის დასაზღვევად, სულ ცოტა, აუცილებლია, მთავრობამ:

(1) საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს მკაფიო ხაზი გაავლოს სახელმწიფოს მხარდაჭერასა და პარტიულ ინიციატივებს შორის. ცხადი უნდა იყოს, რომ სოციალური პროგრამების შემუშავება სახელმწიფოს ვალდებულებაა და არა მმართველი პარტიის კეთილი ნება;

(2) უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მის მიერ, წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯები გრძელვადიანი ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია და არა ამომრჩევლის გულის მოსაგებად გამიზნული მანიპულაციები.

სამწუხაროდ, მოცემულ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ ტესტის ჩაბარება, მეტწილად ბიძინა ივანიშვილის როლზე მუდმივი აქცენტირების გამო. ამის მაგალითია პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ასეთი მასშტაბური სოციალური მხარდაჭერა შესაძლებელი გახდა „StopCov ფონდში“, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით.[3] იქამდე მან ეს უშუალოდაც განაცხადა.[4] ფაქტობრივად იგივე პოზიცია ქონდა ფინანსთა მინისტრს, როდესაც თქვა, რომ ფინანსურად ამ მასშტაბურ კამპანიას ზურგს ფონდის მთავარი შემომწირველი (იგულისხმება მმართველი პარტიის თავმჯდომარე) უმაგრებს.[5]

საია მიიჩნევს, რომ ასეთი შინაარსის გზავნილებით ხელისუფლება ანტიკრიზისულ ნაბიჯებს პერსონიფიცირებულ ხასიათს აძლევს და ხელს უწყობს სოციალური მხარდაჭერის კონკრეტულ პარტიის კეთილ ნებასთან აფილირებას, მაშინ როცა ეს სახელმწიფოს მინიმალური ვალდებულებაა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პრობლემა არა ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება და იმპლემენტაცია, არამედ ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სტრატეგიაშია. ამის გათვალისწინებით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქმება და ამომრჩევლის მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. 

 


[1] „საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 აგვისტოს სხდომა“, საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებგვერდი, 07.08.2020, ხელმისაწვდომია: http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=544&info_id=76965, განახლებულია: 07.08.2020.

[2] „საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის შემდგომი - III ეტაპი შეიმუშავა“ , 06.08.2020, საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=288&info_id=76961, განახლებულია: 07.08.2020.

[3]   მორიგი სოციალური პაკეტი, პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ Facebook ანგარიში, 06.08.2020, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/watch/?v=219764282682057, განახლებულია: 07.08.2020.

[4] „გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილთან ერთად stopcov ფონდში ფინანსების მობილიზება შევძელით, ამან მოგვცა შესაძლებლობა, წლის ბოლომდე მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარება გაგვეწია“, 06.08.2020, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ვებ გვერდი, https://bit.ly/2DoejMK, განახლებულია: 07.08.2020.

[5] “ივანე მაჭავარიანი- იცით, როგორ ფორმირდებოდა  კოვიდის ფონდი და ვინ იყო მთავარი შემომწირველი“, 06.08.2020, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3gEW43P, განახლებულია: 07.08.2020.