სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მრგვალი მაგიდა „სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციაში“

2013-10-11 04:20
Featured image

2013 წლის 11 ოქტომბერს მრგვალი მაგიდა „სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციაში“ გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ ფარგლებში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და პარლამენტის სხვა წევრებმა, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ასევე სახალხო დამცველის ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 

მრგვალი მაგიდის მიზანია, ხელი შეუწყოს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციაში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებას, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში მონიტორინგის  უფლების აღდგენის გზით. წინა წლებში აღნიშნული უფლება არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონმდებლობით ჰქონდათ მინიჭებული, თუმცა მოგვიანებით მათ ეს უფლება ჩამოერთვათ. 2009 წლიდან თავისუფლების შეზღუდვის ადგილების მონიტორინგის ექსკლუზიური უფლებამოსილება გააჩნია სახალხო დამცველის ოფისს, როგორც პრევენციის ეროვნულ მექანიზმს. აღნიშნული მექანიზმის შექმნით სახელმწიფომ შეასრულა გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით (OPCAT) ნაკისრი ვალდებულებები. თუმცა, როგორც თავად პრევენციის ეროვნული მექანიზმის სახელმძღვანელო პრინციპებშია აღნიშნული,  პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა უნდა შეავსოს და არა ჩაანაცვლოს მონიტორინგის სხვა მექანიზმები. 
 
წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენცია წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს დეკლარირებულ მიზანს, რომლის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ერთობლივი ძალისხმევა. უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ თავისუფლების შეზღუდვის ადგილების მონიტორინგი ხელს შეუწყობს როგორც წამების ეფექტურ პრევენციას, ასევე ზოგადად პატიმართა უფლებების უკეთ დაცვას. შესაბამისი რეკომენდაციებით - მიანიჭოს არასამთავრობო ორგანიზაციებს მონიტორინგის უფლება - საქართველოს ხელისუფლებას  არაერთმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მიმართა; ანალოგიური რეკომენდაციები მიეცა ხელისუფლებას ევროპარლამენტის მიერ, ასევე გაეროს მექანიზმის - უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის - ფარგლებში .
 
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მრგვალი მაგიდა მიზნად ისახავდა, მონაწილეებისთვის გაეცნო საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის კონკრეტული მოდელი და უზრუნველეყო დიალოგი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის მონიტორინგის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით.
პროექტი დაფინანსებულია ღია საზოგადოების ფონდების მიერ.