2023 წლის 2 მარტს, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიან აქციას პოლიციის მხრიდან 36 პირის, მათ შორის, ჟურნალისტების ადმინისტრაციული წესით დაკავება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძვლით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ წარსულშიც არაერთხელ მომხდარა ამ მუხლების გამოყენებით მშვიდობიანი აქტივისტების დაკავება და მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. წუხელ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა, პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტურმენტია, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება.
დაკავებულთა ნაწილის უფლებებს ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები იცავენ, თუმცა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი დაბრკოლებები გამოიკვეთა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის მინიმუმ 15 პირი იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორებში (მონაცემები ზუსტდება). ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მანქანებში ყავდათ და იზოლატორებში მათი შეყვანა მხოლოდ დილიდან დაიწყო. გართულებულია ადვოკატებისათვის და ოჯახის წევრებისათვის დაკავებულთა ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენის საკითხიც, რაც აფერხებს ადვოკატთან შეხვედრის, და შესაბამისად, უფლებების დაცვის შესაძლებლობებს. ზოგიერთი დაკავებული საუბრობს ფიზიკურ დაზიანებებზე, რომლებიც დაკავებისას მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, რა გახდა დაკავებულთა გარკვეული ნაწილის ამ დრომდე იზოლატორებში დაყოვნების საფუძველი და რატომ არ გათავისუფლდნენ ისინი სხვა პირების მსგავსად ღამით, ხელწერილის საფუძველზე.
მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავების და დაკავების შემდგომი პრაქტიკა არის მიუღებელი და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;
- დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები;
- დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებელად არ გახანგრძლივდეს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
- დროულად შეისწავლოს მედია წარმომადგენლების და დემონსტრანტების დაკავების/სავარაუდო დაზიანების ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
დაკავებულთა უფლებების დაცვას მომავალშიც გავაგრძელებთ.
#არარუსულკანონს!
ხელმომწერი ორგანიზაციები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
უფლებები საქართველო
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG
ქალთა ფონდი საქართველოში
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ღია საზოგადოების ფონდი
მწვანე ალტერნატივა
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)