საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა ქ. თბილისში, სამუშაო პირობების ცვლილებების გამო უკმაყოფილო რკინიგზელების აქციის დაწყების შემდგომ განვითარებული მოვლენები. საია მიიჩნევს, რომ პოლიციამ დაარღვია აქციის მონაწილეების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, როდესაც 15 აგვისტოს, აქციის მიმდინარეობისას აიღო აქციის მონაწილეების მიერ განთავსებული კარავი.
აღნიშნული ფაქტის შემდგომ, შეკრების უფლებაში ჩარევამ განგრძობითი ხასიათი მიიღო და აქციის მონაწილეებს დღემდე არ ეძლევათ შესაძლებლობა, მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იმ ფორმით, რომელსაც თავად ანიჭებენ უპირატესობას.
აღსანიშნავია, რომ კარავი განთავსებული იყო იმ ადგილას, სადაც შიმშილობის აქცია მიმდინარეობს. აღნიშნული ტერიტორია არ წარმოადგენს ტრანსპორტის სავალ ნაწილს. აქციის მონაწილეების მიერ შერჩეულ ადგილას აქციის მიმდინარეობა არ აფერხებს მოძრაობას და არც რომელიმე შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას იწვევს. შესაბამისად, პოლიციის ქმედება, არ დაუშვას აქციის მონაწილეების მიერ შეკრების ადგილას კარვის განთავსება, წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების ფორმის კონტროლის დემონსტრირებას, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონით გარანტირებულ შეკრების უფლების არსს.
როგორც წესი, აქციის ორგანიზატორები შეკრების ადგილს და ფორმას ირჩევენ იმ ნიშნით, რომ კონკრეტული შეტყობინებები მივიდეს კრიტიკის ადრესატამდე. შეკრების ჩატარება შესაძლებელი უნდა იყოს იმგვარად, რომ სამიზნე აუდიტორიას მისი დანახვა და მოსმენა შეეძლოს. აქციის ფორმა და ადგილი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აქციის კონკრეტულ ფორმას და სახეს (კარავებს) შესაძლოა შეძენილი ჰქონდეს სიმბოლური მნიშვნელობა და განუყოფელი იყო პროტესტის გზავნილთან[1]. ამასთან, კარავი შესაძლოა წარმოადგენდეს შიმშილობის აქციის გაგრძელებისათვის აუცილებელ ატრიბუტს.
აღსანიშნავია, რომ კარვის განთავსებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკაც. 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით[2], დადგინდა, რომ ,,პარტიზანული მებაღეობის“ წევრებისათვის მერიის შენობის წინ, სკვერში კარვის განთავსების შეზღუდვა წარმოადგენდა მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევას. სასამართლომ განმარტა, რომ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროისა, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც შესაძლებლად მიიჩნევს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობას.“
საია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევა და აქციის მონაწილეებს მისცენ შესაძლებლობა აქციის მიმდინარეობისას განათავსონ კარავი;
საია ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, შეისწავლონ იმ პოლიციელთა ქმედებები, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვაში და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
[1] Tabernacle v. Secretary of State for Defence [2009];
[2] თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე №3/6463–16;