იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობა პირველად განიხილავს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხს. ამ დროისათვის საბჭოში უკვე დასრულდა იმ 38 მოსამართლესთან გასაუბრების ეტაპი, რომელთაც უვადოდ გამწესების შესახებ გააკეთეს განაცხადი. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე[1], მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში უვადოდ დანიშვნის შესახებ საბჭოში განაცხადს კიდევ ის 100-ზე მეტი მოსამართლე წარადგენს, რომლებიც ამჟამად გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნულები.
ამ დრომდე, გასაუბრების ეტაპზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ საბჭოს განახლებული შემადგენლობაც ვერ ახერხებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის მიუკერძოებლად წარმართვას და ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებს.
მოსამართლეებთან გასაუბრების ეტაპზე დაკვირვების შედეგად რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოიკვეთა:
1. გასაუბრებისას მოსამართლეებს არათანაბარი სირთულის შეკითხვები უსვამდნენ, შეინიშნებოდა ფავორიტიზმი ზოგიერთი კანდიდატის მიმართ. საბჭო იმ კანდიდატებს, რომლებიც ამავდროულად სასამართლოს თავმჯდომარეები არიან პროფესიულ შეკითხვებს ფაქტობრივად არ უსვამდა, მაშინ როდესაც სხვა კანდიდატებს ძირითადად ამ სახის შეკითხვებზე უწევდათ პასუხის გაცემა. სასამართლოს თავმჯდომარეებს ძირითადად მენეჯერულ უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით უხდებოდათ საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ფასდებოდა მათი არა თავმჯდომარედ, არამედ მოსამართლედ უვადოდ გამწესების საკითხი.
მაგალითად, კანდიდატს, რომელიც ამავდროულად თავად არის საბჭოს წევრი და ერთ-ერთი სასამართლოს თავმჯდომარე, ერთადერთი პროფესიული შეკითხვით მიმართა საბჭოს პრეზიდენტის კვოტით დანიშნულმა წევრმა. შეკითხვა შეეხებოდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში აბსოლუტური უფლებების დასახელებას. ვახტანგ მჭედლიშვილის შეკითხვამ საბჭოს წევრების დიდი ნაწილის აშკარა გაღიზიანება გამოიწვია. საბჭოს ზოგიერთი წევრი აქტიურად ცდილობდა კანდიდატს დახმარებოდა, თუმცა მან საბოლოოდ მარტივ პროფესიულ შეკითხვაზე მცდარი პასუხი გასცა.
ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ კონვენციის მინიმალური ცოდნა ვერ გამოავლინა იმ კანდიდატმა, რომელიც ამავდროულად საბჭოს წევრია და შესაბამისად ევალება მოსამართლეთა დანიშვნისას თავად შეაფასოს სხვა მოსამართლეების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცოდნის დონე.
2. პრობლემური სახის შეკითხვები და განწყობების წინასწარ დაფიქსირება. გასაუბრების პროცესში არაერთხელ დაფიქსირდა მიმანიშნებელი შეკითხვები, რა დროსაც კანდიდატისთვის მარტივად ამოსაცნობი იყო საბჭოს წევრისათვის სასურველი პასუხი. ასევე, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საბჭოს წევრები აფიქსირებდნენ წინასწარ განწყობებს კანდიდატის მიმართ.
მაგალითად: საბჭოს წევრების ნაწილმა გამოხატა ცალსახად დადებითი დამოკიდებულება მოსამართლის მიმართ, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ საქალაქო სასამართლოში პატივისა და ღირსების შელახვის საქმეზე კერძო პირის წინააღმდეგ დავა მოიგო. საბჭოს ზოგიერთმა წევრმა მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც მნიშვნელოვანი და პრეცედენტული. მოცემულ შემთხვევაში საბჭოს წევრების მხრიდან გადაწყვეტილების წინასწარ შეფასება პრობლემურია, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული და მიმდინარე დავის მიმართ განწყობების დაფიქსირება სასამართლოზე გავლენის რისკებს შეიცავს.
3.. საბჭოს წევრების არაეთიკური დამოკიდებულება კოლეგების მიმართ. გასაუბრების პროცესში საბჭოს წევრების უმრავლესობა არ მალავდა ცალსახა უკმაყოფილებას იმ შეკითხვების მიმართ, რომელსაც საბჭოს 2 წევრი (ვახტანგ მჭედლიშვილი, ნაზი ჯანეზაშვილი) უსვამდა კანდიდატებს. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა როგორც ცინიკურ დამოკიდებულებას, ასევე ხმამაღალ შელაპარაკებებს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს თავმჯდომარე ასეთ შემთხვევებში უზრუნველყოფდა ყველა წევრისათვის სასურველი შეკითხვის დასმის საშუალებას, ზოგიერთი წევრის არაკოლეგიალური და ხშირ შემთხვევაში, არაეთიკური დამოკიდებულება სრულიად შეუფერებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მაღალ სტატუსთან და აზიანებს აღნიშნული ორგანოსადმი სანდოობის ზრდის პერსპექტივას.
საერთო ჯამში, გასაუბრების პროცესზე დაკვირვებამ გამოავლინა, რომ საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას ვერ აწარმოებს იმგვარად, რაც გამორიცხავდა აღნიშნულ პროცესში მიკერძოების ეჭვებს და უზრუნველყოფდა მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის მიხედვით შეფასების რეალურ შესაძლებლობას. ამ პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეფასების პროცესის იმ ნაწილს, რომელიც მოსამართლის საქმიანობის შესწავლას გულისხმობს და რომელზე დაკვირვების საშუალებაც, კანონის თანახმად, საზოგადოების წარმომადგენლებს არ აქვთ.
მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:
- სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს და მხარი არ დაუჭიროს ისეთი მოსამართლეების დანიშვნას, რომლებიც კვალიფიციურობის ან/და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ;
- შეიმუშავოს გასაუბრების ეტაპის წარმოების ისეთი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორ მოპყრობას და ისეთი შინაარსის შეკითხვების დასმას, რომლებიც რეალურად გააჩენს ღირსეული და კვალიფიციური კანდიდატების შერჩევის შესაძლებლობას.
ამერიკის სავაჭრო პალატა და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია არ აფიქსირებენ პოზიციას განცხადებაში განხილულ საკითხზე.
[1] „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში 2017 წლის 16 ივნისს განხორცილებული ცვლილებების თანახმად, 2017 წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლეებს მიენიჭათ უფლება მიმართონ საბჭოს შემოწმების პროცედურის შეწყვეტისა და თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.