სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მორიგი სასამართლო დავა საფრთხეს უქმნის რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას

2019-05-07 15:40
Featured image

თბილისის საქალაქო სასამართლოში შესული სარჩელის თანახმად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე  ტელეკომპანიის დირექტორისა და მესაკუთრეებისგან 26 მილიონი ლარის გადახდას ითხოვს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო 2015 წლიდან განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით ლეგიტიმურ კითხვები ჩნდება ამ პროცესის მიმართაც.

რუსთავი 2, ერთ-ერთი გავლენიანი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მაუწყებელი, უკვე წლებია დგას სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშე. იმისდა მიუხედავად, თუ ვინ რამდენად იზიარებს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას, პლურალისტური მედია გარემოს შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული და მრავალფეროვანი მედია პლატფორმების არსებობა.

მორიგი სასამართლო დავა არა მარტო  მაუწყებლის მუშაობას აფერხებს, არამედ საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმს და თავისუფალ მედიაგარემოს ჩვენს ქვეყანაში. რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო ცვლილებას უდავოდ უარყოფითი გავლენა ექნება  2020 წლამდე წინასაარჩევნო გარემოზე და მთლიანად დემოკრატიულ პროცესზე.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში რუსთავი 2-ის გარდა, სხვა მედია საშუალებების მიმართ, ტვ პირველი, იბერია TV და აჭარის ტელევიზია, არაერთი პროცესი განვითარდა, რომელიც კითხვებს აჩენს მედიის დამოუკიდებლობაში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით. ეს საკითხები კი უარყოფითად აისახება ყველა საერთაშორისო ანგარიშში, რომელიც აფასებს მედიის მდგომარეობას და დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.  საქართველოსთვის, როგორც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, რაც პლურალისტური მედია გარემოს შენარჩუნების გარეშე ვერ მოხერხდება.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი

სატელევიზიო ქსელი

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

მედიაკლუბი

რეგიონულ მაუწყებელელთა ალიანსი

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

მედიის განვითარების ფონდი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი