თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოპასუხეებს, შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სოლიდარულად დაეკისრათ მოქალაქისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით.
2014 წლის 1 ივლისს, მოსარჩელე, ღამის საათებში, 5-6 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა ქ. თბილისში არსებულ ერთ-ერთ საკანალიზაციო ჭაში (წყალარინში), სადაც 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მოქალაქის ჭაში ჩავარდნა გამოიწვია ჭის თავსახურის დაზიანებამ. საფრთხის არსებობის შესახებ ჭასთან არ იყო განთავსებული რაიმე ტიპის აღნიშვნა, რაც დაზარალებულს აფიქრებინებდა საფრთხის შესახებ. შემთხვევის შედეგად მოქალაქეს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა და გრძელვადიანი სამედიცინო მკურნალობა.
მოპასუხეების მტკიცებით, მოსარჩელე არ მოძრაობდა ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, ჭა იყო დახურული, ასევე არ მიმდინარეობდა ჭის რემონტი ან რეაბილიტაცია, შესაბამისად, ჭასთან არ ყოფილა გამაფრთხილებელი ნიშნების საჭიროება. ამასთან, ქ. თბილისში არის 30 000-მდე ჭა და მათი ყოველდღიური კონტროლი შეუძლებელია ადმინისტრაციული ორგანოსთვის.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების არგუმენტები და მიიჩნია, რომ არსებობდა მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები. კერძოდ, ქ. თბილისში განთავსებული სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების მოვლა-პატრონობაზე (ექსპლუატაციაზე) მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად ატარებს ტენდერს და გამარჯვებულ კომპანიასთან დებს ხელშეკრულებას. 2014 წლიდან შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მერიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების მოვლა-პატრონობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებს. 2015 წელსაც, იგივე სამუშაოებს ასრულებდა აღნიშნული კომპანია.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ზიანი, რომელიც გამოხატულია მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედება კი, გამოხატულია მოპასუხე მხარეების უმოქმედობაში. კერძოდ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ვალდებულებას წარმოადგენდა ზემოთ აღნიშნული ჭის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი სანიაღვრე ჭების შეკეთება, ახალი ჭის მოწმობა, დაზიანებული კოლექტორის შეკეთება, სანიაღვრე სისტემის შესაბამის გამართულ და მოწესრიგებულ მდგომარეობაში მოყვანა ან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი. ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებას წარმოადგენდა განეხორციელებინა ტექნიკური კონტროლი ან/და შეემოწმებინა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გაწეული მომსახურეობა, რაც არაჯეროვნად შესრულდა მოპასუხეების მხრიდან.