მოქალაქე გ.ქ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტული კომპანიის წინააღმდეგ
2009-11-09 10:18
2006 წლის მარტიდან საია საადვოკატო დახმარებას უწევდა მოქალაქე გ.ქ.-ს. საქმე მდგომარეობდა შემდეგში:
2002 წლის 18 მარტს 12 წლის გ.ქ. გაუკეთდა B-ჰეპატიტის საწინააღდმედგო პროფილაქტიკური აცრა. აცრას წინ უსწრებდა წინასწარი გამოკვლევა, რომლითაც დგინდებოდა, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო. აცრა განხორციელდა წალენჯიხის ბავშთა პოლიკლინიკის უბნის პედიატრის მიერ. ასაცრელ მასალას წარმოადგენდა კორეული წარმოების ვაქცინა სახელწოდებით Hepavax-Gene, რომელიც შემოტანილ იქნა ჰუმანიტარული მისიით საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლობის მიერ. აცრიდან მესამე დღეს ბავშვმა სკოლაში ყოფნის დროს იგრძნო ძლიერი ტკივილი კეფის არეში, დაეწყო ღებინება, კოორდინაციის დარღვევა და ხმის ტემბრის ძლიერი შეცვლა. ბავშვი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი სახლში და მას სასწრაფო დახმარებით გამოძახებული მორიგე ექიმის მიერ ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, თუმცა მას შედეგი არ მოჰყოლია. ბავშვს განუვითარდა ტეტრაპარეზი (ზედა და ქვედა კიდურების პარალიზი) და ჩავარდა კომაში. როგორც გამოირკვა B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინას გააჩნია ისეთი გვერდითი შედეგები, როგორიცაა: საერთო სისუსტე, ალერგიული რეაქციები, დაბალი არტერიული წნევა, სუნთქვის გაძნელება, აუტოიმუნური დაავადება, პარეზები, გიემბარეს სინდრომი, გაფანტული სკლეროზი და კიდევ მრავალი სხვა. საქართველოში UNICEF-ის მიერ ისე მოხდა ვაქცინის შემოტანა, რომ პრეპარატს არ გააჩნდა აღნიშვნა, მისი გამოყენების შედეგად შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ.
"მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ პროდუქცია მისი შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების ჩვეულებრივ პირობებში იყოს უსაფრთხო მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოსათვის, აგრეთვე არ აყენებდეს ზიანს მის ქონებას. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით დამამზადებელი ვალდებულია დროულად მიაწოდოს მომხმარებელს აუცილებელი და უტყუარი ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, რაც მას მისცემს სწორი არჩევანის შესაძლებლობას. ბავშვის ჯანმრთელობის მოშლა ასევე გამოწვეულია დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გაუფრთხილებელი ქმედებებითაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ფარმაცევტული კომპანია GreenCross Vaccine Corporation, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ვალდებული იყვნენ აენაზღაურებინათ მიყენებული ზიანი, რაზეც უარს აცხადებდნენ.
საიას ადვოკატებმა გ.ქ.-ს მოუმზადეს სარჩელი და გაუწიეს საადვოკატო დახმარება საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში. საბოლოოდ სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, რითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით გიორგი ქობალიას სასარგებლო დაეკისრა 15000 ლარი, ხოლო ფარმაცევტულ კომპანიას 75000 ლარის გადახადა.