საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2006 წლის 22 დეკემბრიდან იცავს 2006 წლის 7 დეკემბერს ქუთაისში მოკლული ვარლამ ფხაკაძის მამის ბორის ფხაკაძის – სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის ინტერესებს.
2006 წლის 7 დეკემბერს, ქ. ქუთაისში, ჭავჭავაძის ქ. #48-ში მდებარე ბინასთან, ქურდობის ფაქტზე არსებული შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: ივანე კაპატაძე, დავით მინაშვილი, კახა გაბუნია და ავალო გაბრიჭიძე. პოლიციელთა განმარტებით, ქურდობაში ეჭვმიტანილ – ვარლამ ფხაკაძის შესაპყრობად, პატრულ-ინსპექტორ - ივანე კაპატაძის მიერ გამოყენებულ იქნა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მოხდა სამი გასროლა, რის შედეგადაც ვარლამ ფხაკაძემ მიიღო გამჭოლი ჭრილობა მარჯვენა ბეჭის ზედა მესამედის არეში. მოცემულ საქმეზე არიან თვითმხილველებიც. მათი განმარტებით, პოლიციის თანამშრომლები სცემდნენ ვიღაც პიროვნებას. აღმოჩნდა, რომ პოლიციის თანამშრომლები ვარლამ ფხაკაძეს სცემდნენ.
ვარლამ ფხაკაძე გარდაიცვალა და ფაქტზე დაიწყო წინასწარი გამოძიება ივანე კაპატაძის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე – “მკველელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით” – რისთვისაც პასუხისმგებლობად დადგენილია ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა ივანე კაპატაძის მიმართ კვალიფიკაციის შეცვლის, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით – განზრახ მკვლელობა – სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.
გამოძიების მიერ არ იქნენ დაკითხული თვითმხილველები, ამასთან, სისხლის სამართლებრივი დევნა არ ხორციელდებოდა იმ პოლიციელთა მიმართ, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილას და არ აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება დაჭრილ პიროვნებას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ძალისხმევით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო შემთხვევის ადგილზე მყოფი დანარჩენი პატრულ-ინპექტორების: კახა გაბუნიას, დავით მინაშვილისა და ავალო გაბრიჭიძის მიმართ, რომლებიც ცნობილ იქნენ ბრალდებულებად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - “სამსახურებრივი გულგრილობა... რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი” – რისთვისაც პასუხისმგებლობად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ორიდან ხუთ წლამდე ვადით.
2007 წლის 31 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაოს გადახდა 2000 ლარის ოდენობით. ასევე აღნიშნული პირები გადაყენებული იქნენ დაკავებული თანამდებობიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ბოლო პერიოდის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე პროკურატურა სასამართლოს წინაშე აყენებს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების მოთხოვნით, ან გირაოს განუზომლად მაღალი თანხის გადახდის მოთხოვნით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროკურატურამ თავისი ლმობიერება დაასაბუთა იმით, რომ ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული.
ვალერი ფხაკაძის საქმე იმ საქმეთა რიცხვს განეკუთვნება, სადაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი, რაც მსხვერპლით დასრულდა. სახელმწიფოს მხრიდან ლმობიერების გამოჩენა ამ კატეგორიის საქმეზე შეიძლება მომავალში ამგვარი დანაშაულების წამახალისებელიც აღმოჩნდეს. და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიმდინარე საქმეებზე სახელმწიფო თავს არიდებს საზოგადოების წინაშე არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა და გამოძიება მიმდინარეობს პასიურად.