ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილების საქმეების გამოძიების მოთხოვნით 2018 წელს ჩატარდა არაერთი საპროტესტო აქცია. ისინი პერიოდულად ცდილობდნენ აქციის საჭიროებებიდან გამომდინარე კარავი გაეშალათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა მათი ყველა მცდელობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღკვეთა და კარვები ჩამოართვა.
სამინისტროს მხრიდან აქციისთვის ხელშეშლის გამო ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიმართეს სასამართლოს. სასამართლოში დავა შეეხებოდა მარტივ კითხვას: შეიძლება თუ არა კარვის გამოყენებით აქციის ჩატარება?
კარვის გაშლისათვის შსს წინააღმდეგობის კანონიერების შეფასებაზე დავას სასამართლო ნაცვლად კანონით დადგენილი 3 დღისა, 2 თვის განმავლობაში განიხილავდა. საბოლოოდ საქმის განხილვა ისე შეწყდა სასამართლომ მარტივ კითხვაზე პასუხის ნაცვლად, გამოხატვის თავისუფლებისთვის დამაზიანებელი ბევრად მეტი კითხვა გააჩინა.
სასამართლოს ლოგიკით გამოდის, რომ:
- თუ ჩვენ ვაპროტესტებთ შსს-ს უმოქმედობას, მათ შეუძლიათ „ოპერატიულ ინფორმაციაზე“ დაყრდნობით ხელი შეგვიშალონ ჩვენს მიერ არჩეული ფორმით პროტესტის გამოხატვაში. ამასთან ეს ინფორმაცია ჩვენთვის უცნობი დარჩება.
-თუ ჩვენ ვასაჩივრებთ გამოხატვის თავისუფლებაში ხელშეშლას, ჩვენ ნაცვლად კანონით გათვალისწინებული საქმის განხილვის რამდენიმე დღიანი ვადისა, უნდა დაველოდოთ სტანდარტულ, მრავალთვიან სასამართლო განხილვებს.
- თუ ჩვენ არ გვაძლევენ კარვის დადგმის შესაძლებლობას, თუმცა სასამართლოში დავისას მაინც მოხერხდება კარვის დადგმა, სასამართლო აღარ აფასებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კანონიერებას.
თუმცა, ეს სამართლებრივი აბსურდები არაფერია ადამიანურ ფაქტორთან შედარებით. ამ საქმის განხილვა სამართლებრივ ტერმინებზე მსჯელობის ნაცვლად უნდა დაწყებულიყო ბოდიშით!
ბოდიში, რომ მოძალადე საზოგადოებამ მოუკლა შვილები!
ბოდიში, რომ ვერ დავიცავით ისინი!
ბოდიში, რომ მათი საქმეები არ გამოიძიეს!
ბოდიში, რომ სახელმწიფო მფარველობს მკვლელებს!
ბოდიში, რომ პოლიტიკური თამაშებისთვის იყენებენ მათ ტრაგედიას!
ბოდიში, რომ მათი უფლებების დასაცავად ქუჩაში უწევთ დგომა!
ბოდიში, რომ ქუჩაში დგომასაც არ აცლიან!
ბოდიში, რომ მართლმსაჯულება არ გვაქვს!
მიშა ჯახუა-საიას იურისტი