2018 წელს მიღებული რეგლამენტით, საქართველოში საპარლამენტო კონტროლის ახალი მექანიზმი – „მინისტრის საათი“ დამკვიდრდა, რომელიც მთავრობის ცალკეული წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს1. მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა იმართება2. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, ამ მექანიზმს საპარლამენტო ზედამხედველობა უფრო ეფექტიანი უნდა გაეხადა, მისმა ნორმატიულმა მოწესრიგებამ და იმპლემენტაციის პროცესმა საკითხი რადიკალურად განსხვავებული პრიზმიდან წარმოაჩინა. „მინისტრის საათის“ მთავარი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ ის, უბრალოდ, ანგარიშია და არა – აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისთვის გამოსადეგი ინსტრუმენტი.
„მინისტრის საათი“, აზრობრივი თვალსაზრისით, „სამთავრობო საათის“ (შეკითხვის დრო, Question Time) ასოციაციას ქმნის, თუმცა, რეალურად, ამ ორ მექანიზმს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს – მათი მიზნები რადიკალურად განსხვავებულია. „სამთავრობო საათის ამოცანა ცალკეული დეპუტატის მიერ აქტუალურ საკითხებზე მინისტრებისთვის კითხვების დასმა და მათზე პასუხის მიღებაა, მაშინ, როცა მინისტრის ანგარიში კონკრეტულ სფეროში სამთავრობო გეგმის შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ინფორმირების ინსტრუმენტს წარმოადგენს.3“ თუმცა, იმ პირობებში, როდესაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა პრემიერ-მინისტრს ევალება, არაგონივრულია, იგივე ფორმატი მისი კაბინეტის წევრებზეც ცალ-ცალკე ვრცელდებოდეს. ცხადია, მინისტრი განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს უნდა წარადგენდეს, თუმცა, უფრო ლოგიკური იქნება, თუ ეს შესაბამის კომიტეტში, მთავრობის ხელმძღვანელის მიერ პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე მოხდება.
მსჯელობის მართებულობას ადასტურებს როგორც საერთაშორისო პრაქტიკა (ევროპის შესწავლილი 12 სახელმწიფოდან მხოლოდ ერთში, ლატვიაში ფიქსირდება მსგავსი მექანიზმი. იქაც ანგარიშს მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი წარადგენს4), ასევე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უკვე ჩატარებული „მინისტრის საათების“ ანალიზი.
რეგლამენტის მიღებიდან დღემდე პარლამენტში სულ 10 „მინისტრის საათი“ გაიმართა. ცხადია, ამ ბლოგპოსტში თითოეულის დეტალური განხილვა შეუძლებელია, თუმცა, უნდა აღინიშნოს საერთო მახასიათებლები. კერძოდ, მათზე დაკვირვება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ არსებობს სისტემური შეუსაბამობა პროგრამასა (დაფუძნებულ გამოსვლას) და გამართულ საპარლამენტო დისკუსიებს შორის. ყველა შემთხვევაში პროცედურა თავის შინაარსსა და ბუნებასთან აბსოლუტურად შეუსაბამო სახეს იღებს. ის ვერც ანგარიშის ფუნქციას ასრულებს, რადგან არ ხდება სამინისტროს კონკრეტული გეგმებისა და აქტივობების სიღრმისეული და საფუძვლიანი წარმოდგენა და ვერც აქტუალური საკითხების გარშემო ფოკუსირდება. საბოლოოდ, პროცესი ქაოტური და არასისტემიზირებულია.
უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, სამთავრობო პროგრამის შინაარსი ვერცერთი მხარის გამოსვლაზე გავლენას ვერ ახდენს. მართალია, მათი უმეტესობა ამა თუ იმ ფორმით ეხმიანება სამთავრობო პროგრამის სხვადასხვა ასპექტს, თუმცა, ეს, როგორც წესი, შემთხვევით თემატურ დამთხვევას უფრო წარმოადგენს, ვიდრე იმპლემენტაციის კონტროლს. მინისტრთა გამოსვლები, ჩვეულებრივ, ფარავს პროგრამაში წარმოდგენილ ზოგად და კონკრეტულ საკითხებს, თუმცა, ბოლომდე ესეც ვერ ხერხდება. ისინი ხშირად ეხებიან ზოგიერთ ისეთ თემას, რომელიც ნდობაგამოცხადებული გეგმიდან არც პირდაპირ და არც ირიბად არ გამომდინარეობს. რაც ყველაზე მთავარია და რაშიც უფრო ნათლად იკვეთება ამ პროცედურის ხარვეზები, დეპუტატების რეფლექსიებია. მათი შეკითხვები, როგორც წესი, ძალზე კონკრეტულ, სპეციფიკურ და აქტუალურ თემებს ეხება (განსაკუთრებით, ოპოზიციის შემთხვევაში). ცხადია, მინისტრებისთვის კომფორტულია ზოგადი და აბსტრაქტული საუბრები პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, თუმცა, ოპოზიცია ამგვარი მსჯელობებით ნაკლებად ინტერესდება. მათი მიზანია, საპარლამენტო დისკუსია იმ დროის აქტუალური საკითხების გარშემო წარიმართოს.
ის, რომ გამომსვლელთა მხრიდან პროგრამაზე აქცენტი ნაკლებად კეთდება, შემთხვევითი არ არის და ამას ლოგიკური ახსნა აქვს. აღნიშნულის მიზეზად, შეიძლება, ორი ფაქტორი დასახელდეს:
- თავად პროგრამაა ზოგადი ხასიათის;
- მინისტრებთან აქტუალური პოლიტიკური საკითხების განსახილველი ფორმატი არ არსებობს.
ასეთი მექანიზმი „სამთავრობო საათი“ იქნებოდა, რომელიც ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლისთვის ბევრად უკეთეს პლატფორმას წარმოადგენს. ის დეპუტატებს ანიჭებს შესაძლებლობას, წინასწარ გაუგზავნონ კითხვები მთავრობის წევრებს, რომლებიც, თავის მხრივ, ზეპირი პასუხების გასაცემად საკანონმდებლო ორგანოში ცხადდებიან.
ამდენად, სათაურში დასმულ კითხვაზე პასუხია, რომ „მინისტრის საათმა“ საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესების კუთხით ბევრი ვერაფერი შეცვალა. მისი მეშვეობით ვერც კონკრეტული საკითხების სიღრმისეული შეფასება და ვერც აქტუალური საკითხების გარშემო ფართო პოლიტიკური დისკუსიის წარმართვა ვერ ხერხდება. საჭიროა, გადაიხედოს არსებული მოდელი, გაუქმდეს „მინისტრის საათი“ და მთავრობის წევრები ანგარიშით შესაბამის კომიტეტებში, პრემიერ-მინისტრთან ერთად, მის მიერ პლენარულ სესიაზე ანგარიშის გატანის წინა კვირაში წარდგნენ. ამასთან, აუცილებელია, დამკვიდრდეს „სამთავრობო საათის“ (Question Time) მექანიზმი და ამით დეპუტატებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის ზეპირად და დროულად მიღების შესაძლებლობა მიეცეთ.
თორნიკე გერლიანი
პროექტის მოწვეული ექსპერტი
ბლოგპოსტი მომზადებულია პროექტის - „უსაფრთხოების სექტორში საიდუმლო შესყიდვებზე საპარლამენტო ზედამხედველების ხელშეწყობა“ - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ.
———————————————————
1საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 153-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.
2იქვე, 153-ე მუხლის მე-4 პუნქტი.
3მენაბდე ვ. (კვლ. ხელმ. და სამ. რედ.) და სხვ. 20 წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე. უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ზედამხდველობა უსაფრთხოების სექტორის საქმიანობაზე საქართველოში, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2019, გვ. 52, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/36aI8Zh; განახლებულია: 14.03.2020.
4იქვე.