სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მიმართვა მედიაციის პროცესში ჩართულ პოლიტიკოსებს

2021-03-27 11:48
Featured image

ქალბატონებო და ბატონებო,

ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო თვეებში ქვეყანაში თქვენი მონაწილეობით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ყველასთვის ნათელია, რომ კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება. მედიაციის პირველი რაუნდის უშედეგოდ დასრულებამ საქართველოს ბევრ მოქალაქეს იმედი გაუცრუა. მათ სურთ, იხილონ ქვეყნის განვითარებაზე მომუშავე პარტიები, თუმცა, ამის საპირისპიროდ, მხოლოდ პოლარიზაციის გაღრმავებაზე ორიენტირებულ ქმედებებს იღებენ. სამწუხაროდ, პოლიტიკური დისკუსია  დაცლილია საზოგადოების უმთავრესი წუხილებისა და ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვისგან. საქართველოსკენ მომართულია საერთაშორისო ყურადღება, რაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ქვეყნის მთავარი პარტნიორები, ევროკავშირისა და აშშ-ს სახით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის პოვნისთვის ძალისხმევას არ ზოგავენ. ამავდროულად ნათელია, რომ პრობლემის გასაღები ხელში თქვენ, ქართველ პოლიტიკოსებს, გიჭირავთ. სამწუხაროდ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კრიზისის განმუხტვა არ წარმოადგენს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების უმთავრეს პრიორიტეტს. ნაცვლად კომპრომისული გადაწყვეტილებების ძებნისა, მხარეები წითელ ხაზებს აწესებენ, რაც აჩენს განცდას, რომ შეთანხმების მოტივაცია არ არსებობს. ქვეყანა სოციალური, ეკონომიკური, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და მათზე პასუხისგასაცემად საჭიროა სიცოცხლისუნარიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი ინსტიტუტები. პოლიტიკური კრიზისი, მართალია, საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიულ განვითარებას, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ის გულისხმობს შესაძლებლობასაც, მკაფიოდ დავინახოთ მისი გამომწვევი მიზეზები და დავიწყოთ მუშაობა მათი აღმოფხვრისთვის. ჩვენთვის, ნათელია, რომ ამ მდგომარეობამდე ქვეყანა არსებულმა მმართველობითმა სისტემამ მოიყვანა, რომელიც 30 წელია ყველა მმართველ გუნდს ფაქტობრივად უკონტროლო და დაუბალანსებელ ძალაუფლებას ანიჭებს. თამაშის ერთადერთი წესი - გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, ყოვლისშემძლე უმრავლესობას ოპოზიციის უგულვებელყოფის შესაძლებლობას აძლევს. არჩევნებში დამარცხებული პარტია საკუთარი ელექტორალური მხარდაჭერის პროპორციულ გავლენას ვერ ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე. სისტემა ძალაუფლების განაწილების პრინციპში ამომრჩევლის დიდ ნაწილს არ ითვალისწინებს. ეს ნულოვანი ჯამის თამაშია და ეს უნდა შეიცვალოს. ამაზე მუშაობის დასაწყებად კი ახლა საუკეთესო დროა. 

გვსურს შემოგთავაზოთ არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის ჩვენეული ხედვა, რომელიც ეყრდნობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 6 პუნქტიან ჩარჩო დოკუმენტს. ჩვენ, ღრმად გვწამს, რომ ეს შემოთავაზებები გადაჭრის არსებულ კრიზისს მოკლევადიან პერსპექტივაში და ასევე სამომავლოდ გააჯანსაღებს, კონსენსუსზე ორიენტირებულს გახდის პოლიტიკურ სისტემას:

1. როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ბუნებრივთან მიახლოებულ ბარიერთან. საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ მან უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების სამართლიანი მონაწილეობა და ჩართულობა, ასევე საზოგადოების მაღალი ნდობა;

2. პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნის, ისევე როგორ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტში წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში საჭიროუნდა იყოს ე.წ. ორმაგი 2/3 (ერთდროულად მოსამართლე წევრთა 2/3 და არამოსამართლე წევრთა 2/3), თავისმხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტში ორმხრივი, ხელისუფლებისა დაოპოზიციის მხარდაჭერით უნდა დაინიშნონ (ე.წ. ბილატერალური მხარდაჭერა);

3. ბილატერალური მხარდაჭერითვე უნდა დაინიშნონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, გენერალური აუდიტორი და გენერალური პროკურორი. ეს თანამდებობის პირები, ისევე როგორც მოსამართლეები, უნდა დაექვემდებარონ განახლებული პროცედურით გადანიშვნის წესს 2021 წლის განმავლობაში; 

4. უმრავლესობამ უნდა გამონახოს სამართლებრივი გზები ოპოზიციისთვის პრინციპული მნიშვნელობის მქონე სისხლისსამართლებრივი საქმეების ფიგურანტი პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გასათავისუფლებლად და მათი საქმეების დროებით შესაჩერებლად. საბოლოო გადაწყვეტილება მათზე ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად რეფორმირებულმა მართლმსაჯულების სისტემამ უნდა მიიღოს;  

5. პარლამენტის სპიკერატში ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბარი რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი; პირველი ვიცესპიკერი უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარეთა თანამდებობები, მათ შორის წამყვანი კომიტეტების, ოპოზიციასა და უმრავლესობას იმ პროპორციით გადაუნაწილდეს, როგორიცმათი საპარლამენტო წარმომადგენლობაა;

6. საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელისუფლების მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულებების აღების შემდეგ, ოპოზიციამ უნდა აითვისოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული მანდატები, ჩაერთოს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში და მონაწილეობა მიიღოს ზემოაღნიშნული რეფორმების როგორც შემუშავებაში, ისე იმპლემენტაციაში.

ეს ნაბიჯები უნდა გახდეს საქართველოს საერთაშორისო მისწრაფებების ხორცშესხმის აუცილებელი წინაპირობა დაისინი უნდა გადაიდგას 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე. გვჯერა, რომ ხელისუფლების განაწილება, მმართველობის დაბალანსებული სისტემა და დემოკრატიული რეფორმები არის ყველაფრის საპირწონე და ქვეყნისთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების ერთადერთი გზა.  ამ რეფორმებზე მუშაობის პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, დაექვემდებაროს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ზედამხედველობას. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი, ურთიერთანამშრომლობაზე დაფუძნებული მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, პირველადი, თუმცა მყარი საფუძველი, შევქმნათ დემოკრატიული, ადამიანის ღირსებაზე, თავისუფლებასა დათანასწორობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. მზად ვართ, მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ ამპროცესში, მათ შორის მხარეებთან რეფორმების კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით კონსულტაციებისკუთხით. 

ამგვარად, მხარეებს მოგიწოდებთ, რომ გამოიყენოთ მედიაციის მეორე რაუნდით მონიჭებული შესაძლებლობა დაზემო აღნიშნული პუნქტების გათვალისწინებით მიაღწიოთ შეთანხმებას, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ რიტმს, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციიდან, თუმცა ერთობლივად იმუშავებთ, საერთო მიზნის, ქვეყნის განვითარებისთვის. 

 

ხელმოწერა: მიმართვა ღიაა ნებისმიერი ორგანიზაციისა და ფიზიკური პირის ხელმოწერისთვის გადადით ბმულზე 

მიმართვის ავტორები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისოგამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ლიბერალური აკადემია თბილისი.