სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის

2016-10-30 10:27
Featured image

დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით.

დაფიქსირდა პრობლემები ძირითადად წილისყრის პროცედურებთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ არსათანადო ქცევასთან დაკავშირებით, კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების რამდენიმე ფაქტი. რამდენიმე დარღვევა საიას დამკვირვებლის მითითების ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის მითითების შედეგად აღმოიფხვრა.

გუშინ, 29 ოქტომბერს ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის ცნობილი გახდა, რომ  თბილისსა და რეგიონებში საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, სკოლების პედაგოგებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს მისცეს მითითება, რომ  კენჭისყრის დღეს უბანში მისვლისას და მათ მიერ არჩევანის გაკეთებისას ბიულეტენში არჩევანი განსხვავებული ფორმით დააფიქსირონ. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“ კანდიდატის ნომერი შემოხაზონ ოთხკუთხედი ფორმით და პარალელურად განახორციელონ მათ მიერ დაფიქსირებული არჩევანის ფოტო გადაღება. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 29 ოქტომბერს პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა და უარყო მსგავსი მითითების გაცემა.  

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფაქტი შეესაბამება რეალობას, საქმე გვექნება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან. კერძოდ, საარჩევნო კოდექსით  აკრძალულია: ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე; აკრძალულია ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის კაბინაში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ:

საარჩევნო სუბიექტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს:

- არ დაუშვან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც   აღქმული იქნება, როგორც კონტროლი ამომრჩევლის ნებაზე.

ამომრჩევლებს:

- არჩევანის დაფიქსირებისას ნება თავისუფლად გამოავლინონ და არ დაარღვიონ საარჩევნო კანონმდებლობა კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოებით. განვმარტავთ, რომ ამომრჩეველს აქვს უფლება გააკეთოს არჩევანი ფარულად. ამომრჩეველი არ არის ვალდებული იდენტიფიცირება მოახდინოს (გააკეთოს განსხვავებული ფორმით არჩევანი) ან გაასაჯაროვოს მის მიერ გაკეთებული არჩევანი.

- ზეწოლისა და სამსახურიდან დათხოვნის მუქარის შემთხვევაში მოგვმართონ საიას თბილისისა და რეგიონულ ოფისებში: ბათუმში, ქუთაისში, გორში, დუშეთში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდსა და ოზურგეთში.

 

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

 

თელავის #13 უბანზე აგრესიულად ექცეოდნენ  საიას დამკვირვებელს. მას არ მისცეს შესაძლებლობა, გასცნობოდა ჩანაწერთა წიგნში შეტანილ მონაცემებს. პრობლემა მას შემდეგ მოგვარდა რაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საიას თხოვნით, ჩაერია პროცესში.

მარნეულის #48 უბანზე საუბნო კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის პროცედურებს არ დაასწრო დამკვირვებლები.

 

კომისიის წევრის მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება

 

ჭიათურის #14 უბანზე კომისიის წევრმა წინასწარ დაარტყა ბეჭედი 2 ბიულეტენს.

ინფორმაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე  

სამგორის #8 უბანზე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა რეგისტრაციის  დროს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების „All Media“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.

წილისყრის პროცედურების დარღვევები

დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრის გამოსავლენად ჩატარებულ წილისყრაში მონაწილეობაზე ან უკვე წილისყრის ჩატარების შემდეგ, აღნიშნული ფუნქციის გამოვლენისას, უარი განაცხადეს გადასატანი ყუთის წაღებაზე (მთაწმინდის #8, გორის #79 და #64, ზუგდიდის #9 უბანზე.)

საიასთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ასეთ დროს კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ასეთი წევრები არც სხვა ფუნქციების გამოსავლენ წილისყრაში მიიღებდნენ მონაწილეობას და შეასრულებდნენ თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, კენჭისყრის დაწყებამდე ტარდება წილისყრის პროცედურა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის კომისიის წევრის ფუნქციების გამოსავლენად და უპირველესად პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრთაგან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში). ამასთან ისინი არ შეიძლება იყვნენ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრები, ხოლო კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება მორიგი წილისყრა.

მიგვაჩნია, რომ კომისიის წევრების მიერ წილისყრაზე უარი ან წილისყრის შედეგად გამოვლენილი ფუნქციის შესრულებაზე უარი, წარმოადგენს კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვან ან ბრალეულ შეუსრულებლობას, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების პროცედურების კანონის მოთხოვნების თანახმად წარმართვას.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურამდე, 7 ოქტომბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავდა კენჭისყრის დღეს  „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრები გადასატან ყუთთან ერთად გაეშვა. ამიტომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „როგორი დირექტივაც არ უნდა წამოვიდეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არც ერთი წევრი არ დატოვებს საარჩევნო უბანს და არ გაჰყვება გადასატან ყუთს.“[1]

 

მიგვაჩნია რომ აღნიშნული განცხადება არ მოდის შესაბამისობაში კანონის დანაწესებთან: საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს.

 

ამას გარდა, აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის პრობლემურობას და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების კუთხით რეფორმის გატარებას აუცილებლობაზე მიუთითებს.[2]

 

საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურზე აღნიშნული საკითხი საიამ სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს განმარტებით, გადასატან ყუთზე გაყოლა საარჩევნო კომისიის წევრის ვალდებულებას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ განმეორებითი კენჭისყრის დღეს 22 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული კომისიის წევრები გაყვნენ გადასატან ყუთს.

ასევე სასამართლომ განმარტა, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარეს უფლება უნდა მიეცა ასეთი კომისიის წევრისათვის მონაწილეობა მიეღო შემდგომ წილისყრაში კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გამოვლენის დროს.

თელავის #13 უბანზე საარჩევნო კომისიების წევრებმა თვითნებურად გადაცვალეს ფუნქციები.

თელავის #45 უბანზე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ წილისყრაში არ მიაღებინა მონაწილეობა არც „ქართული ოცნების“ და არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიის წევრებს. თავმჯდომარემ განმარტა, რომ ხელმძღვანელობდა ცესკოს მიერ 23 ოქტომბერს მიღებული #72/2016 დადგენილებით. საიას დამკვირვებელმა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეატყობინა, რომელმაც შესაბამისი მითითება მისცა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი დაიწერა.

არაუფლებამოსილი პირები საარჩევნო უბანზე

 

მთაწმინდის #20 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის ოთახში იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, დაცვის პოლიციის თანამშრომლები. საუბნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული პირები უბანზე 8 საათამდე უნდა ყოფილიყვნენ.  საიას დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა დატოვეს უბანი.

 

საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებული ხარვეზები

 

ნაძალადევის #27 უბანზე საკონტროლო ფურცელზე პირველი ამომრჩევლის მონაცემების ნაცვლად მიუთითეს დამკვირვებლის მონაცემები. უბანზე მიიტანეს ახალი საკონტროლო ფურცელი, რის გამოც კენჭისყრის პროცესი 20 წუთის შემდეგ დაიწყო.

 

ქუთაისის #47-ე ოლქის #8 უბანზე საკონტროლო ფურცელი არასწორად შეივსო. არასწორად არის მითითებული ოლქის ნომერი.

 

ქუთაისის #49-ე ოლქის 80 უბანზე ასევე დაფიქსირდა საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსების ფაქტ. საკონტროლო ფურცელზე ხელმოწერა დაავიწყდა კომისიის 2 წევრს.

 

და სხვა

 

მარნეულის #68 უბანზე 7 საათზე (უბნის გახსნის დროისათვის) უბანს არ მიეწოდებინა ელექტროენერგია. კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრები კაბელის მოსატანად გააგზავნა.

 

- დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 17 საჩივარი დაწერეს და 5 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

 

30 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს საია თბილისისა და 9 რეგიონში 400-მდე დამკვირვებლით აკვირდება.

 

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 300-მდე საარჩევნო უბანში. 45 მაჟორიტარულ ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები.

არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით,  მოქალაქეებს, შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. კენჭისყრის დღეს, საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

 

ცხელი ხაზის ნომერია: 223-63-48

 

არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით.

ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.

 

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ სამ ბრიფინგს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: თავისუფლების მოედანი #1).

მომდევნო ბრიფინგები გაიმართება: 14:00 საათზე; 18:00 საათსა და 21:00 საათზე, ხოლო 31 ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და ბრიფინგს გამართავს 12:00 საათზე.


საიას საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოსა“ და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 


[1] http://www.ipress.ge/new/47459-nika-melia-dagegmilia-rom-chveni-komisiis-tsevrebi-gadasatn-yutebs-gaayolon

[2] რაც შერეული წესით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებიდან (ნაწილი პროფესიული ნიშნით და ნაწილი პარტიების მიერ დანიშნული) პროფესიული წესით საარჩევნო კომისიებით დაკომპლექტებას  გულისხმობს.