საია-ს თბილისის ოფისის დახმარებით ერთ-ერთი შპს-დან უკანონოდ გათავისუფლებული პირი სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა სამსახურში და აუნაზღაურდა სახელფასო განაცდური
საიას თბილისის ოფისის ადვოკატი სასამართლოში წარმოადგენდა შპს ,,ს.მ.ტ.ე.ც’’-დან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებული ი.მ-ს ინტერესებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში დადგინდა შრომის კოდექსის მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეჩერების (უხელფასო შვებულების) განმავლობაში შრომითი ხელშეკრულების მოშლის ფაქტი, რაც ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნებს.
სასამართლომ, უკანონოდ გათავისუფლებული ი.მ-ს დარღვეული უფლებების აღსადგენად, ბათილად ცნო სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, დამსაქმებელს დააკისრა 2011 წლის 01 ნოემბრიდან, 2013 წლის 11 თებერვლამდე, განაცდურის სახით თვეში 808. 80 ლარის გადახდა, ამასთან, დასაქმებული აღადგინა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე.
საიას თბილისის ოფისის დახმარებით პატიმარი, რომელსაც მისჯილი ჰქონდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან ამნისტიის კანონის საფუძველზე
საიას თბილისის ოფისის ადვოკატი იცავდა პატიმარ გ.ქ.-ს ინტერესებს საკასაციო სასამართლოში `ამნისტიის შესახებ~ საქართველოს კანონის პატიმრის მიმართ გამოყენებასთან დაკავშირებით. გ.ქ.-ს 2006 წელს გამამტყუნებელი განაჩენით სასამართლოს მიერ მისჯილი ჰქონდა 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. 2013 წლის მარტს რუსთავის საქალაქო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების საკითხი და ჩვენი ბენეფიციარისათვის დანიშნული სასჯელი შეამცირა მხოლოდ 1/4-ით და საბოლოოდ განუსაზღვრა 10 (ათი) წლისა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. საიას თბილისის ადვოკატის მიერ მომზადებულ იქნა საკასაციო საჩივარი, ვინაიდან მივიჩნიეთ, რომ სასამართლომ არასწორად იმსჯელა გ. ქ. - ს მიმართ ამნისტიის გამოყენების საკითხზე.
2013 წლის 27 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა ჩვენი ბენეფიციარის საკასაციო საჩივარი, სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და მსჯავრდებული გ. ქ. სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
საია-ს აჭარის ფილიალის დახმარებით მოქალაქემ შეძლო სამკვიდრო მოწმობის მიღება
საია-ს აჭარის ფილიალი სასამართლოში წარმოადგენდა მოქალაქე ჰ.ა-ს ინტერესებს. ის ვერ ახერხებდა სამკვიდრო ქონების მიღებას, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მამკვიდრებლის ქონებრივი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გასცა და მიუთითა, რომ სამკვიდრო ქონებაზე ტექ-ბიუროს არქივში ამგვარი ინფორმაცია დაცული არ იყო.
საია-ს აჭარის ფილიალის დახმარებით, მამკვიდრებელმა ქონებრივი უფლების აღდგენის მოთხოვნით აღიარებითი სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება უკვე შესულია კანონიერ ძალაში და მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სამკვიდრო ქონება აღირიცხა მამკვიდრებლის, ჰ.ა-ს სახელზე და ტექ-ბიუროს მონაცემები უკვე წარდგენილია ნოტარიუსთან სამკვიდრო მოწმობის გასაცემად.
საია-ს თელავის ოფისის დახმარებით მოქალაქეებს პენსია დაენიშნათ
საია-ს თელავის ოფისის იურისტები სოციალური მომსახურების სააგენტოში იცავდნენ იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური პერსონალის: ლ.ჭ-ს, ე.რ-ს, ნ.ბ-ს და ნ.გ-ს ინტერესებს. მათ სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილებამ უარი უთხრა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ თითქოს ისინი საჯარო საქმიანობას ახორციელებდნენ და „სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად პენსიაზე უფლება არ წარმოეშობოდათ. საია-მ ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს. ოთხივე საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის რაიონული განყოფილების ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები, ამ უწყებას დაევალა ლ.ჭ-ს, ე.რ-ს, ნ.ბ-სა და ნ.გ-თვის როგორც სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, ასევე განაცდური პენსიის ანაზღაურებაც.
საია-ს გორის ოფისის დახმარებით, პოლიტიკური ნიშნით სამხედრო-სავალდებულო სამსახურში უკანონოდ გაწვეული პირი მიჩნეულ იქნა სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად და ის განთავისუფლდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან
საია-ს გორის ოფისის ადვოკატი საგამოძიებო ორგანოებში იცავდა მოქალაქე რ. ც-ს ინტერესებს, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გაწვეულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ის მანამდე ორჯერ იქნა გამოძახებული სამხედრო კომისარიატში , თუმცა სამხედრო სამედიცინო კომისიის მიერ ორივეჯერ მიჩნეულ იქნა სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად. რ.ც. მიიჩნევდა, რომ 2012 წლის სექტემბერში სამხედრო-სავალდებულო სამსახურში იგი გაიწვიეს პოლიტიკური მოტივით, რადგან ის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო. მისი განმარტებით სამხედრო სამსახურში გაწვევამდე, მასზე პოლიციის თანამშრომლების მიერ არაერთგზის განხორციელდა მუქარა.
რ.ც. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის მიზნით გადაიყვანეს ქ. გორში მდებარე სამხედრო ნაწილში, საიდანაც მისი 2012 წლის 30 სექტემბერს გაუშვეს დაბა ჩოხატაურში და როგორც თავად აღნიშნავს დაავალეს არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“ მიეცა ხმა. ის მივიდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის რაიონულ ორგანიზაციაში და ამის შესახებ განაცხადა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო(მას ამოკვეთილი აქვს შინაგანი ორგანოების გარკვეული ნაწილი) ის ვეღარ დაბრუნდა სამხედრო ნაწილში და მის მიმართ შიდა ქართლის სამხედრო პოლიციაში დაიწყო გამოძიება სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების ფაქტზე. საია-ს ადვოკატის მოთხოვნით რ. ც გადაყვანილ იქნა გორში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმების ჩატარების მიზნით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ის არ იყო ვარგისი სამხედრო - სავალდებულო სამსახურისათვის. შედეგად, რ. ც განთავისუფლდა სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან და მის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმეც.