1. წარმატებით დასრულდა ე.წ. ,,ემბრიონის საქმე“
საიას თბილისის ოფისის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების შედეგად ფიზიკურ პირს აღუდგა დარღვეული უფლება ბიოლოგიურ რეპროდუქციასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეში სასამართლომ იმსჯელა ყოფილ მეუღლეებს შორის რეპროდუქციის უფლების რეალიზების შესახებ იმ ვითარებაში, როდესაც ერთ-ერთ მეუღლეს დაკარგული აქვს ბუნებრივი რეპროდუქციის უნარი და საჭიროებს დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიას მეუღლის გამეტის გამოყენებით მეორე მეუღლის უარის მიუხედავად. აღნიშნულ დავაში მეუღლეთა გამეტები უკვე იყო ჩაბარებული კლინიკაში მეუღლეთა განქორწინებამდე და მიღებული იყო ემბრიონი, რომელიც საჭიროებდა ტრანსფერს სუროგატის სხეულში, რაც ვერ ხორციელდებოდა მოპასუხე მეუღლის უარის გამო. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიენიჭა უფლება ცალმხრივად განაცხადოს თანხმობა ემბრიონის ტრანსფერზე სუროგატის სხეულში.
2. საიას დახმარებით კიდევ ერთმა დევნილმა საცხოვრებლის გადაცემასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მოიგო
საიას თბილისის ოფისი იცავდა დევნილის ინტერესებს. მისი ოჯახი თანხმობის გარეშე სახელმწიფომ დის ოჯახთან გააერთიანა და გადასცა ერთი საცხოვრებელი ბინა. საცხოვრებლის ფორმალურად გადაცემის შემდგომ, ბენეფიციარმა დაკარგა უფლება, როგორც დევნილს მიემართა სახელმწიფოსათვის და მოეთხოვა საცხოვრებელით დაკმაყოფილება. სასამართლო დავის შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებლის გადაცემის პროცესში არ ყოფილა ბენეფიციარის წერილობითი თანხმობა, ასეთ პირობებში, ბათილად იქნა ცნობილი საცხოვრებლის გადაცემის შესახებ მიღებული აქტები და ხელშეკრულება, რომლითაც ბენეფიციარის ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილებულად ითვლებოდა ისე, რომ რეალურად მის ოჯახს სახლი არ ჰქონდა მიღებული. სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომ, ბენეფიციარს მიეცა შესაძლებლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოსაგან მოითხოვოს საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
3. საკუთრებასთან დაკავშირებული დავა ფიზიკური პირის სასარგებლოდ დასრულდა
საიას თბილისის ოფისის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების შედეგად წარმატებით დასრულდა დავა ფიზიკური პირის სასარგებლოდ, რომლის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელი სახლზეც საკუთრების აღიარების კომისიის მიერ გაიცა საკუთრების მოწმობა მეზობლის სასარგებლოდ. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება და საკუთრების აღიარებაზე უფლებამოსილ კომისიას დაევალა თავიდან იმსჯელოს საკუთრების აღიარების მოთხოვნაზე.
4. საიას დახმარებით კიდევ ერთი უკანონოდ გათავისუფლებული პირი აღდგა სამუშაოზე
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა ი.გ-ს ინტერესებს, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 2 ნოემბრის ბრძანებით უკანონოდ გათავისუფლდა ა(ა)იპ ქ. ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის თანამდებობიდან. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მხარეებს შორის შედგა მორიგება, გაუქმდა ი.გ-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება. ის აღდგენილ იქნა თანამდებობაზე და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ი.გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თვეში 3660 ლარის ოდენობით.
5. საიას დახმარებით მოქალაქეებმა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება შეინარჩუნეს
ა) მოქალაქე ნ.ქ-მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება. აღნიშნულმა უწყებამ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო ნახაზებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. ნ-ქ-მ საიას დახმარებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და 2014 წლის 15 აპრილის განცხადების საფუძველზე ნ.ქ-ს უძრავი ქონების რეგისტრაცია დაზუსტებული ფართობით. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ნ.ქ-ს სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ გასაჩივრებულ იქნა. გადაწყვეტილება ძალაში დარჩა როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ, სადაც ნ.ქ-ს ინტერესებს საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი იცავდა.
ბ) საიას ქუთაისის ფილიალი იცავდა მოქალაქეების მ.შ-ს და ს.შ-ს ინტერესებს, რომელთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურმა უკანონოდ დაარეგისტრირა სხვა პირის სახელზე. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ.შ-ს და ს.შ-ს სარჩელი, რაც საიას დახმარებით მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატის მოსაზრებები და გააუქმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში კვლავ მ.შ-ს და ს.შ-ს სახელზე აღირიცხა.
6. საიას დახმარებით მოძალადეს ოჯახური ძალადობის მსხვერპლების მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება აეკრძალა
2016 წლის 24 მარტს რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის, ნ.გ-ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით. მის ინტერესებს სასამართლოში საიას რუსთავის ოფისის ადვოკატი იცავდა. სასამართლო პროცესზე დადასტურდა ნ.გ-ს და მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ, მეუღლის გ.თ-ს მხრიდან ძალადობის ფაქტი. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.გ-სთან მიმართებით დამცავი ორდერი გამოსცა 6 თვის, ხოლო მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ - 2 თვის ვადით. სასამართლოს გადაწყვეტილებით გ.თ-ს აეკრძალა მსხვერპლების მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება, სატელეფონო კონტაქტი, მათ საცხოვრებელ სახლთან და იმ სკოლასთან მიახლოვება, სადაც არასრულწლოვნები სწავლობენ.
7. საიას დახმარებით საჯარო მოხელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი
ნ.ტ. გორის მუნიციპალიტეტში მუშაობდა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2015 წლის 16 ნოემბერს ზემოთ აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგებელმა მის მიერ უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულების გამო გამოსცა ბრძანება ნ.ტ-ს მიმართ დისციპლინური სახდელის -გაფრთხილების დადების შესახებ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დასკვნით ნ.ტ-ს პასუხისმგებლობას წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე ერთ-ერთი კანდიდატის უკანონოდ დანიშვნა. კერძოდ, კონკურსანტი წ.გ. ისე იქნა დანიშნული ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, რომ მას ამ ვაკანსიაზე განაცხადი საერთოდ არ ჰქონდა შეტანილი. წ.გ-ს განაცხადი ჰქონდა გაკეთებული ორ ვაკანსიაზე, რომელთაგან ერთ-ერთის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე, ხოლო მეორე ვაკანსიისთვის მან გადალახა ტესტირების ბარიერი და უფლება მიეცა გასულიყო გასაუბრების ეტაპზე. თუ როგორ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ამ კონკურსანტის დანიშვნასთან დაკავშირებით, ეს არ განეკუთვნებოდა ნ.ტ-ს უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე, მან გადაწყვიტა სარჩელით მიემართა სასამართლოსათვის, სადაც მის ინტერესებს საიას გორის ოფისი იცავდა. სასამართლო განხილვის დროს დადგინდა, რომ ნ.ტ-ს მიერ კანდიდატი სწორად იყო დაბარებული გასაუბრებაზე, ვინაიდან ის აკმაყოფილებდა იმ ვაკანსიის მოთხოვნებს, რომელზედაც მას ჰქონდა შეტანილი განაცხადი, ხოლო მისი დანიშვნა სხვა პოზიციაზე არ შედიოდა ნ.ტ-ს კომპეტენციაში, ის წარმოადგენდა კომისიის უფლებამოსილებას. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი მის მიმართ გამოცემული ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.