საიას ადვოკატის დახმარებით რამდენიმე მოქალაქეს არ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
საიას თბილისის ოფისის ადვოკატის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 1 მაისის აქციაზე დაკავებულ პირებს: ა.ქ-ს; ლ.ა-ს; გ.გ-ს; მ.გ-ს; გ.ქ-ს; და ლ.ა-ს არ დაეკისრათ ადმინისტრაციული სახდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის (173-ე მუხლი). კერძოდ, სამ მათგანს მიეცა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო სხვა დაკავებულების მიმართ შეწყდა სამართალდარღვევის საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.
საიას დახმარებით პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის ფულად კომპენსაციას მიიღებს
საიას თბილისის ოფისის ადვოკატის დახმარებით „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, ჩვენი ბენეფიციარი თ. ი. ფულადი კომპენსაციის სახით მიიღებს 1100 ლარს.
საიას ადვოკატის დახმარებით ხ.მ.-მ შეძლო თავისი საკუთრების უფლების დაცვა
საიას თბილისის ოფისის ადვოკატი იცავდა ხ.მ.-ს ინტერესებს სასამართლოში, რომელსაც 2005 წლიდან საკუთრებაში გააჩნდა მიწის ნაკვეთი თბილისში. 2010 წელს ჩვენმა ბენეფიციარმა შეიტყო, რომ მისი მიწის ნაკვეთი თბილისის თვითმმართველმა ერთეულმა თავის სახელზე დაირეგისტრირა და აუქციონზე გაყიდა.
საია-ს დახმარებით ხ.მ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სადავო მიწის ნაკვეთზე თვითმმართველობის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, რაც გავასაჩივრეთ უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჩვენი საკასაციო საჩივარი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები და მოპასუხეებს დაევალათ საქმის გარემოებების სრულად გამოკვლევის საფუძველზე 1 თვის ვადაში ახალი აქტების გამოცემა. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის შემძენისთვის, რომელმაც მერიისგან იყიდა მიწა, ხელშეკრულების დადებამდე ცნობილი იყო სადავო ნაკვეთზე სხვისი მფლობელობის შესახებ, მიუხედავად ამისა მან ხელშეკრულების დადებაზე უარი არ განაცხადა, რაც მის მიმართ საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის გამომრიცხავი გარემოებაა.
საიას დახმარებით ა.კ. სოციალური მომსახურების სააგენტოსაგან სათანადო ოდენობის კომპენსაციას მიიღებს
საიას თბილისის ადვოკატი დახმარებას უწევდა მოქალაქე ა.კ.-ს, რომელიც წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და სამსახურიდან გათავისუფლდა 2011 წელს ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. მას საქართველოს კანონით “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” ეკუთვნოდა ყოველთვიურად კომპენსაცია 174 ლარის ოდენობით, რის ნაცვლადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს არასწორი გამოთვლების გამო დაენიშნა კომპენსაცია 53 ლარის ოდენობით.
საია-ს დახმარებით ა.კ.-მ ჯერ ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო შემდეგ სასამართლოში სარჩელით გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება. სარჩელით ვითხოვდით ა.კ.-სათვის სათანადო ოდენობის კომპენსაციის დანიშვნას. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ უარი გვეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გავასაჩივრეთ უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჩვენი საკასაციო საჩივარი, უზენაესმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი არგუმენტები, ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტები და სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა კომპენსაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნისა და მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე.
საია-ს დახმარებით, შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის მიზნით განხორციელდა ნაშვილების დაბადების ახალი რეგისტრაცია შეცვლილი მონაცემებით
საია-ს ქუთაისის ფილიალის ადვოკატი სასამართლოში იცავდა ი.ს-ს და ნ.გ-ს ინტერესებს, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე იშვილეს არასრულწლოვანი ნ.ს. მათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში აიღეს ნაშვილების დაბადების მოწმობა, სადაც მშობლებად მითითებულნი არიან მშვილებლები. მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში ნ.ს-ს სადაზღვევო პოლისის რეგისტრაციისას ი.ს-სა და ნ.გ-სათვის ცნობილი გახდა, რომ ბავშვის პირადი ნომერი არ შეცვლილა და საინფორმაციო ბაზაში მისი შეყვანისას მშობლებად კვლავ ბიოლოგიური მშობლები ითვლებიან. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის მიზნით მშვილებლებმა გადაწყვიტეს, შეეცვალათ ნაშვილების პირადი ნომერი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი.ს-სა და ნ.გ-ს სარჩელი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების შესახებ. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ნ.ს-ს დაბადების სააქტო ჩანაწერი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალა, შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე განეხორციელებინა ნაშვილების დაბადების ახალი რეგისტრაცია შეცვლილი მონაცემით და დაბადების სააქტო ჩანაწერში ნაშვილების მშობლებად მითითებული იქნებიან მისი მშვილებლები.
საია-ს დახმარებით მოძალადეს აეკრძალა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება
გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის, ნ.ო-ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე. მის ინტერესებს სასამართლოში საია-ს გორის ოფისის ადვოკატი იცავდა. სასამართლო პროცესზე დადასტურდა ნ.ო-ს მიმართ მეუღლის მხრიდან ძალადობის ფაქტები. გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ და მას სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა მსხვერპლისათვის - ნ.ო სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება. საია-ს დახმარებით დედა და შვილები გადაყვანილ იქნენ ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მსხვერპლთა თავშესაფარში.
საია-ს დახმარებით ოჯახური ძალდობის მსხვერპლი ქონების თანამესაკუთრე გახდა
საია-ს რუსთავის ოფისის ადვოკატი სასამართლოში იცავდა დ.ქ-ს ინტერესებს, რომელსაც შვილი მ.ქ და რძალი თ.ი აყენებდნენ სიტყვიერ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას. ძალადობის ფაქტები კიდევ უფრო გახშირდა მას შემდეგ, რაც დ.ქ-მ მის საკუთრებაში არსებული ერთადერთი საცხოვრებელი ბინა აჩუქა შვილს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დ.ქ-ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე და მოძალადეებს აეკრძალათ მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება. მიუხედავად ამისა, შვილი და რძალი უმადურობას იჩენდნენ დ.ქ-ს მიმართ და ემუქრებოდნენ, რომ სახლიდან გააგდებდნენ. დ.ქ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება. აგრეთვე, სარჩელის აღძვრამდე, მისი უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა ყადაღის დადება სადავო ბინაზე, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ იქნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ საქმის მორიგებით დამთავრებაზე. დ.ქ. ცნობილ იქნა სადავო ბინის ½ წილის თანამესაკუთრედ.
საია-მ არასრულწლოვნის ინტერესები დაიცვა
საია-ს აჭარის ფილიალის ადვოკატი სასამართლოში იცავდა მოპასუხე თ.ტ-ს ინტერესებს, რომელსაც გ.ა-სთან არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად შეეძინა შვილი დ. ა. მამობის შესახებ ჩანაწერი გაკეთდა მშობელთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, მაგრამ გ.ა. სისტემატიურად თავს არიდებდა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას. მოსარჩელეს არასოდეს გაუხდია სადავოდ, რომ ის დ.ა-ს ბიოლოგიური მამა იყო. საკითხი სადავოდ მხოლოდ მას შემდეგ იქცა, რაც თ.ტ-მ მიმართა სასამართლოს გ.ა-სთვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე. გ.ა-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დაბადების სააქტო ჩანაწერში მამობის შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მამის - ა.გ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. შედეგად, დედას შეუძლია, გააგრძელოს დავა სასამართლოში და მოითხოვოს არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის მამისათვის ალიმენტის დაკისრება.
საია-ს დახმარებით არასრულწლოვანს ალიმენტის ოდენობა გაეზარდა
საია-ს თელავის ოფისის ადვოკატი სასამართლოში წარმოადგენდა მოსარჩელე მ.გ-ს ინტერესებს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ითხოვდა მამის - ვ.ლ-თვის დაკისრებული ალიმენტის გაზრდას. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შესაბამისად, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს, არასრულწლოვანი შვილის მ.ლ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად, 80 ლარის ნაცვლად ალიმენტის გადახდა 220 ლარის ოდენობით.
საია-ს დახმარებით არასრულწლოვნებს ალიმენტი დაენიშნათ
საია-ს გორის ოფისის ადვოკატი მოსარჩელე ნ.ო-ს სასარგებლოდ აწარმოებდა სამოქალაქო საქმეს გორის რაიონულ სასამართლოში ალიმენტის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამავე სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხე გ.გ-ს ორი არასრულწლოვანი შვილის თ.გ-ს და ვ.გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა, თოთოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით.
საია-მ სოციალურად დაუცველი მოქალაქის ინტერესები დაიცვა
საია-ს თელავის ოფისის ადვოკატმა იურიდიული დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ მ.მ-ს, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 200 ლარით დაჯარიმდა მართვის მოწმობის უფლების გარეშე სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის. ის რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 32070-ს. მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო დროულად ვერ გადაიხადა ჯარიმა და მასზე დაერიცხა საურავი 500 ლარის ოდენობით. აღნიშნულმა გარემოებამ კიდევ უფრო დაამძიმა მისი ოჯახის მდგომარეობა, რადგან უმუშევარია და ჰყავს შვიდი არასრულწლოვანი შვილი. აღნიშნული დავალიანების გამო ბანკ „ქართუში“ ყადაღა დაედო მის ანგარიშს, რომელზეც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, როგორც სტიქიით დაზარალებულს, ჩაერიცხა ზიანის ასანაზღაურებელი საკომპენსაციო თანხა.
მ.მ-მ მძღოლად დასაქმების მიზნით, გადაწყვიტა, აეღო მართვის მოწმობა და მოემზადა მართვის უფლების მისაღები გამოცდებისათვის, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს თელავის სამსახურში არ დაუშვეს გამოცდაზე და მოსთხოვეს სრულად გადაეხადა, როგორც ჯარიმა, ასევე მასზე დარიცხული საურავიც. მან საია-ს დახმარებით საჩივრით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის თანახმად მოითხოვა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის საფუძველზე. ამასთანავე განმარტა, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად გადაიხდიდა საურავის თანხასაც. მ.მ-ს საჩივარი დაკმაყოფილდა და ის დაშვებულ იქნა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე.