2018 წლის 10 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა საგადასახადო კოდექსში არსებული ჩანაწერის იმ ნორმატიული შინაარსის გაუქმება, რომელიც ზღუდავს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებზე საგადასახადო შეღავათების თანაბრად გავრცელებას.
საია იცავს მოქალაქე მელს ბდოიანის ინტერესებს, რომელიც აკმაყოფილებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, თუმცა, საგადასახადო შეღავათებით ვერ სარგებლობს საგადასახადო კოდექსში არსებული დისკრიმინაციული ჩანაწერის გამო.
კანონის თანახმად, მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები პირი თავისუფლდება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადისგან. საქართველოს მთავრობის N671 დადგენილების თანახმად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი.
მოსარჩელე არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირი, თუმცა, მასზე საგადასახადო შეღავათი არ გავრცელდა, რადგან იგი ცხოვრობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო მისი მიწის ნაკვეთი ამავე მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში მდებარეობს.
საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას. საგადასახადო შეღავათები თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებზე. შესაბამისად, საია ასაჩივრებს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც მოითხოვს, რომ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისთვის პირი იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობდეს, რომელშიც იგი მიწის ნაკვეთს ფლობს.