საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ შპს “მაესტროს” უახლოეს მომავალში მიეცემა პოლიტიკური გადაცემების ეთერში გაშვების შესაძლებლობა.
ამავდროულად ჩვენი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპია კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის, თავს ვალდებულებად თვლის საზოგადოებას ამცნოს თავისი პოზიცია შპს “მაესტროს” მიმართ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
საია, როგორც ამ პროცესის უშუალო მონაწილე მიიჩნევს, რომ შპს “მაესტროს” საქმე თვალნათლივ გამოხატავს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისა და სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობასთან არსებულ კრიზისს. Uკიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება “მაესტროსათვის” საერთო ლიცენზიის გაცემის თაობაზე არის უკანონო. რაც გამყარებულ იქნა სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით. არ ვაპირებთ აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალურ მიმოხილვასა და კრიტიკას, რადგან ვთვლით, რომ მესამე ხელისუფლების, როგორც სახელმწიფოებრივი ინსტიტუციის პატივისცემა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სასამართლოზე ნებისმიერი სახის ზეწოლა, ამასთან სამართლიანობის აღდგენა არ უნდა იყოს ხელისუფლების რომელიმე შტოს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.
სამწუხაროდ, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ ამ საკითხით არ შემოიფარგლება. საზოგადოება კვლავ ელის პასუხებს “იმედის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე, ლიცენზიის მფლობელთა ვინაობის გასაჯაროებას. კიდევ ერთხელ მოვითოხვთ, რომ მფლობელთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობას არ ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი და საქართველოს მოქალაქეებს რეალურად მიეწოდოთ ინფორმაცია მესაკუთრეთა (მფლობელთა) შესახებ.
ასევე, მსჯელობის საგანი უნდა გახდეს საკაბელო ქსელის მეშვეობით მაუწყებლობისავთის ლიცენზიის გაცემის აუცილებლობის საკითხიც. ვაცნობიერებთ, რომ მედია არის საზოგადოებაზე ზემოქმედების მძლავრი იარაღი. თუმცა მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად არ არის აუცილებელი საკაბელო ქსელით მოსარგებლე მაუწყებლებისათვის კანონმდებლობით დამატებით დამაბრკოლებელი მექანზმების არსებობა, რადგან ეს უკანასკნელნი არ სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ასეთი სახის მაუწყებლებისავთის საკმარისია ზედამხედველობის სხვა მექანიზმების არსებობა, რასაც ითვალიწინებს “მაუწყებლობის შესახებ” კანონი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუდამ გამოხატავს მზადყოფნას განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები, ინდივიდუალური დაცვის ჩათვლის, გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დასაცავად.