თბილისის საქალაქო სასამართლომ, ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მარიანა ჩოლოიანს პროკურატურა ჩვენების მიცემის იძულებას ედავებოდა (სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება).
სასამართლომ განაჩენის მიღებისას გაითვალისწინა ლუკა სირაძის დედის, ასევე ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები, საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებები და სახელმწიფო ბრალდების არგუმენტაცია.
ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესებს საია იცავს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო ნაწილში კვლავ გრძელდება გამოძიება სხვა პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. ასევე, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გულისხმობს პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას.