სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმის ობიექტური და ეფექტური გამოძიებისათვის აუცილებელია კონკრეტული ზომების მიღება

2013-05-08 03:24
Featured image

საია მიიჩნევს, რომ 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე ამჟამად მიმდინარე გამოძიება არ აკმაყოფილებს ობიექტური, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნებს და მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს  დროულად გამოასწორონ არსებული ხარვეზები. 

 
საია იცავს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული - ასლან მარგოშვილის, ბაჰაუდინ ალდამოვის, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის, სალამ ზაურბეკოვისა და ასევე, პოლიციის მაიორის არჩილ ჩოხელის ოჯახის წევრების ინტერესებს. გარდაცვლილი პირების ახლო ნათესავების სახელით, 2012 წლის დეკემბრიდან საია ინტენსიურ წერილობით კომუნიკაციას აწარმოებს გამოძიებასთან, თუმცა, ჩვენს მიერ წარდგენილი მნიშვნელოვანი შენიშვნები და მოსაზრებები გამოძიებას არ გაუზიარებია. 
 
გამოძიების პროცესში ამ დრომდე პრობლემური რჩება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა, საქმის სათანადო კვალიფიკაცია, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და დაზარალებულთა პროცესუალური უფლებების დაცვა. კერძოდ:  
 
- გამოძიების მიერ საია-სთვის წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა”, ”გ” და ”ი” ქვეპუნქტების შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მძევლად ხელში ჩაგდების შემადგენლობას ითვალისწინებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს მიერ ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას მოჰყვა შეიარაღებული დაჯგუფების წევრების სიცოცხლის ხელყოფა, არსებითია გამოძიების ფარგლებში შეფასდეს სამართალდამცავი პირების მიერ ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობა, მართლზომიერება და პროპორციულობა.
 
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, სახელმწიფო ვალდებულია ჩაატაროს ეფექტური და ოფიციალური გამოძიება სიცოცხლის ხელყოფის იმ ფაქტებზე, რომელიც სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების შედეგად დადგა. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითხოვს არა მხოლოდ იმ სახელმწიფო მოხელეების ქმედების შეფასებას, რომლებმაც უშუალოდ გამოიყენეს ლეტალური ძალა, არამედ თუ როგორ მოხდა სპეცოპერაციის დაგეგმვა და განხორციელება. ამიტომ, გამოძიების წარმართვა მხოლოდ სსკ-ის 144-ე მუხლის საფუძველზე არასაკმარისია. სახელმწიფო ვალდებულია ცალკე წარმართოს გამოძიება შეიარაღებული დაჯგუფების წევრების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით. ამასთან, გამოძიება უნდა ჩატარდეს პროკურატურის და არა საქართველოს შს სამინისტროს გამომძიებლების მიერ. 
 
- ამ დრომდე პრობლემურია გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი. გამოძიების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სსკ-ის 144-ე მუხლით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს. ასევე, გამოძიების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სწორედ ამ საქმის ფარგლებში ხდება სამართალდამცავების მიერ ლეტალური ძალის გამოყენების მიზანშეწონილობის გარემოებების შესწავლა. ამ ფორმით გამოძიების წარმართვა პირდაპირ არღვევს გამოძიების ინსტიტუციური დამოკიდებულების სტანდარტს, რადგან ლაფანყურის სპეცოპერაციას შს სამინისტროს შეიარაღებული ძალები აწარმოებდნენ. პროკურატურის ქვემდებარეა მსგავსი შემთხვევების გამოძიება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითაც, თუმცა, საქმის პროკურატურისათვის გადაცემის არაერთი მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა. 
 
- გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, მაშინ როცა სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ სიცოცხლის მოსპობის შემთხვევების გამოძიების დროს, დაზარალებულების წინაშე, სახელმწიფოს მაღალი ანგარიშვალდებულება და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირების ვალდებულება გააჩნია. დაზარალებულის სტატუსის არარსებობის პირობებში, გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს იმ მცირედი უფლებებით სარგებლობაც კი აქვთ მოსპობილი, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ანიჭებთ. 
 
შესაბამისად, ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე ეფექტური, ობიექტური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მიზნით, საია მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს დაუყოვნებლივ გაატარონ შემდეგი ზომები :
- დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავთა მიერ ლეტალური ძალის გამოყენების მართლზომიერების და პროპორციულობის შესასწავლად; ამასთან, გამოძიებული იქნას სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების გარემოებები. 
- გამოძიება წარმართული იქნეს (მათ შორის, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს) საქართველოს პროკურატურის მიერ.
- გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიენიჭოთ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი და უზრუნველყოფილი იყოს გამოძიების პროცესში მათი ეფექტური მონაწილეობა.