2019 წლის 5 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის- „სავალდებულო გენდერული კვოტა საპარლამენტო არჩევნებისას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე განხილული იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითები, სადაც საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებისას ეროვნულ დონეზე იყენებენ სავალდებულო გენდერულ კვოტირებას.
დღესდღეობით ქალები მსოფლიო პარლამენტის წევრთა დაახლოებით 20%-ს შეადგენენ, ხოლო საქართველოს პარლამენტში ეს მაჩვენებელი 14%-ია. ამ დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ გენდერული ბალანსის მისაღწევად სახელმწიფოებმა უფრო ეფექტიანი ნაბიჯები გადადგან. ქალების პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მექანიზმად სავალდებულო გენდერული კვოტა მოაზრება.
სავალდებულო გენდერული კვოტირება ეფექტიანი მექანიზმია გენდერული უთანასწორობის სწრაფად აღმოსაფხვრელად. მისი არსებობის პირობებში იცვლება მხოლოდ კაცების მიერ გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკა, იზრდება შესაბამის პოზიციებზე კვალიციფიცური ქალების დასახელების შესაძლებლობა და შესაბამისად, ქალების პოლიტიკური წარმომადგენლობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სხვადასხვა საარჩევნო სისტემის პირობებში კვოტა განსხვავებულად მოქმედებს. ის ადვილად ერგება ხმების მანდატებში გარდასახვის პროპორციულ წესს და იმ ქვეყნების უმეტესობაში, სადაც მაღალია ქალთა მონაწილეობა, სწორედ ასეთი საარჩევნო სისტემა აქვთ.
ჩვენ შევისწავლეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობა და პრაქტიკა, რათა გვენახა, თუ როგორ შეძლეს მათ საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის ზრდა და რა რეფორმები განახორციელეს ამისთვის. ასევე, გვენახა, თუ რომელი საარჩევნო სისტემების პირობებში არის შესაძლებელი უკეთესი გენდერული ბალანსის მიღწევა.
კვლევამ აჩვენა, რომ ევროკავშირის 28 ქვეყნიდან სავალდებულო გენდერული კვოტირება საპარლამენტო არჩევნებისას 10 ქვეყანაში გამოიყენება. აქედან პირველი 6 ასევე იყენებს ერთიან პროპორციულ საარჩევნო სისტემას (List PR).
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის - „თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო - პოლიტიკური ციკლი 2019-2022 წლებში“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.