2018 წლის ბოლო ძალაში შევიდა კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციები. მოქმედმა კონსტიტუციამ საპარლამენტო კონტროლის კუთხით გარკვეული სიახლეები გაითვალისწინა, რომლებიც რეგლამენტმა დეტალურად მოაწესრიგა. კვლევა მოიცავს 2019 წლის ორივე, ხოლო 2020 წლის საგაზაფხულო სესიას. დოკუმენტი წარმოადგენს ევროკავშირის 12 სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოებისა და საქართველოს პარლამენტის გამოცდილების შედარებით-სამართლებრივ ანალიზს. მკვლევართა ჯგუფმა მიაგნო როგორც ნორმების, ისე მათი აღსრულების პროცესში გამოკვეთილ 60-ზე მეტ ხარვეზს, რომელთა გამოსასწორებლად ამავე რაოდენობის კონკრეტული რეკომენდაციები წარმოადგინა.
კვლევის ფარგლებში გამოკვლეულია ინტერპელაცია, პარლამენტის წევრის კითხვა, სამთავრობო საათი, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ანგარიშები, ნდობის ჯგუფი, ნდობა-უნდობლობის მექანიზმი, იმპიჩმენტი, საკომიტეტო კონტროლი, თემატური მოკვლევა, დროებითი და დროებითი საგამოძიებო კომისიები, სამუშაო ჯგუფი და სუს-ის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფუნქციები და მათი ხელმძღვანელების თანამდებობაზე განწესების ნორმები.
წარმოგიდგენთ კვლევიდან ზოგიერთ რეკომენდაციას:
- რეგლამენტმა უნდა დაამკვიდროს სამთავრობო საათის მექანიზმი, რომელიც ჩამოყალიბდება სტაბილურ, ორკვირეულ ინსტიტუტად (ყოველ სასესიო კვირაში) და ცალკეულ დეპუტატებს მათთვის საინტერესო საკითხებზე მთავრობის წევრებისგან პასუხების მიღების შესაძლებლობას მიანიჭებს;
- ინტერპელაციის პროცედურა თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს, ხოლო შესაბამისმა სუბიექტმა შეკითხვა 10 დღით ადრე წარადგინოს;
- უნდა არსებობდეს პარლამენტის წევრის პასუხგაუცემელი კითხვების სამთავრობო საათზე დასმის შესაძლებლობა;
- თემატური მომხსენებლის ინსტიტუტის ქმედითობის გასაზრდელად აუცილებელია კომიტეტების სამოქმედო გეგმათა სტრუქტურის დახვეწა, კომიტეტის წევრებს შორის საკითხთა გადანაწილება და ოპოზიციის ჩართულობის გაზრდა;
- თემატური მოკვლევის ჯგუფის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად საჭიროა მისი უფრო კომპაქტურად პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის საფუძველზე დაკომპლექტება, მოქნილი ვადები და მის მიერ მომზადებულ დასკვნებზე პარლამენტის მიერ დროული განხილვა და რეაგირება.
ანგარიში მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დაფინანსებით. გამოცემის შინაარსზე პასუხისმგებელია საია და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას.
დოკუმენტი სრულად ხელმისაწვდომია თანდართულ ფაილში