სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კვლევის პრეზენტაცია - საქართველოს შრომის კანონმდებლობის ანალიზი - დასაქმების ადგილზე სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია და მისი სამართლებრივი შედეგები

2014-11-05 12:00
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ კვლევის ,,საქართველოს შრომის კანონმდებლობის ანალიზი - დასაქმების ადგილზე სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია და მისი სამართლებრივი შედეგები“ პრეზენტაცია გამართეს. 
 
კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს შრომის კანონმდებლობაში იმ საკითხების შესწავლა, რომლებიც დასაქმების ადგილზე სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციას, ასევე, მის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. 
 
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წელს განხორციელებული ცვლილებები, დისკრიმინაციის აკრძალვის მხრივ, დასაქმებულის დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა მაინც იკვეთება შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობის კუთხით უთანასწორო მოპყრობის საფრთხეები.
 
კვლევის ფარგლებში შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები:
 
• მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებლის მიერ  ვაკანსიის თაობაზე გამოქვეყნებული განცხადება არ შეიცავდეს დისკრიმინაციის ნიშნებს. დამსაქმებლის ეს ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს გაწერილი;
 
• საქართველოს შრომის კოდექსში აღმოიფხვრას ის ბუნდოვანება, რომელიც  სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის ცნებებს ეხება, ამიტომ აუცილებელია შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელ ძირითად კანონში მათი გამიჯვნა;  
 
 
• საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს პოზიტიური ღონისძიებების (პოზიტიური დისკრიმინაცია) ცნებას, რომელიც გარკვეულ ჯგუფებს მიანიჭებს უპირატესობას, რაც არ ჩაითვლება დისკრიმინაციად; ამ უპირატესობის მინიჭება აუცილებელია ფაქტობრივი თანასწორობის აღმოფხვრისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია აღნიშნული ჩანაწერის ასახვა საკანონმდებლო დონეზე;
 
• ქალისა და მამაკაცისთვის დეკრეტული შვებულების უფლების თანაბარი უზრუნველყოფისთვის აუცილებელია კანონქვემდებარე აქტების საქართველოს ორგანულ კანონთან - საქართველოს შრომის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა;
 
• საქართველოს კანონმდებლობა იცნობს დისკრიმინაციის ცნებას, თუმცა, შრომის კოდექსით არ არის დარეგულირებელი თუ რა შესაძლო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს პირს ამ ნორმის დარღვევისთვის.
 
კვლევა მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ერთობლივი პროექტის - „ქალთა გაძლიერება შრომითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და გენდერული ძალადობის დასამარცხებლად“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.