სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კვლევების პრეზენტაცია კულტურული მემკვიდრეობის თემაზე

2019-03-14 15:30
Featured image

დღეს, 14 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ტფილისის ჰამქარმა, ერთობლივი პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თბილისში” ფარგლებში, გამართეს ორი კვლევის პრეზენტაცია.

საიას კვლევის „თბილისის განვითარების ფონდის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“ შედეგად გამოიკვეთა, რომ თბილისის განვითარების ფონდში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია.

ტფილისის ჰამქარის კვლევა „თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შეფასება“ კი, ეხებოდა უშუალოდ ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციის შესაფებას, რის შედეგადაც, ასევე, გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები.

არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, ორივე კვლევა მოიცავს დეტალურ რეკომენდაციებს, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

 

საიას კვლევა „თბილისის განვითარების ფონდის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“

დაფუძნებიდან დღემდე, თბილისის განვითარების ფონდმა საკუთარი დამფუძნებლისგან ჯამში 370 278 546 ლარი მიიღო და განკარგა. საიას კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ:

- თბილისის განვითარების ფონდმა მთლიანი შესყიდვების 75% გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელა;

- ფონდის მიერ დამფუძნებლისთვის წარდგენილი ანგარიშები არის ზოგადი ხასიათის და არ მოიცავს სრულყოფილ ინფორმაციას;

- თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, ბიუჯეტი დამტკიცებულია ისეთი პროექტების განსახორციელებლადაც, რომლებიც არ ეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და, შესაძლოა, სხვა უწყების უფლებამოსილებას წარმოადგენდეს;

- ვებგვერდის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ფონდი საკმაოდ გაუმჭვირვალი და არაანგარიშვალდებული უწყებაა: ძირითადი საკითხები ვებ გვერდზე არ არის განთავსებული სრულყოფილად და პროაქტიულად;

- მიუხედავად იმისა, რომ ფონდი საკმაოდ დიდი მოცულობის საბიუჯეტო თანხებს განკარგავს და, ამასთან, მისი დაფუძნების დღიდან მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არ ჩატარებულა აუდიტორული შემოწმება.

 

ტფილისის ჰამქარის კვლევა „თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შეფასება“   

კვლევა ეხება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციის შესაფებას, რის შედეგადაც გამოიკვეთა:

- გამოვლენილი არქეოლოგიური ფენების არასაკმარისი, არასრულფასოვანი ზედამხედველობა და შეფასება;

- მუნიციპალიტეტის სტრუქტურაში ძეგლთა დაცვითი ინსტიტუციების არშექმნა, მაგალითად,  სამსახური, დეპარტამენტი ან, თუნდაც, განყოფილება, რომელიც განსაზღვრავდა ძეგლთა დაცვის პრიორიტეტებსა და სტრატეგიას;

- არქიტექტურის სამსახურში არ მოიძებნება არც არქიტექტორ-რესტავრატორი და არც ინჟინერ-კონსტრუქტორი, რომლებიც ძეგლთა დაცვითი პრინციპების ჭრილში, შეაფასებდნენ და შესაბამის დასკვნას მოამზადებდნენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოებზე ნებართვის მაძიებელ პროექტზე;

- ფონდის მიერ არ სრულდება კანონით განსაზღვრული მოთხოვნები, არ ხდება არც არქეოლოგიური და არც სამშენებლო ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოს შესახებ ანგარიშების შედგენა და მერიისათვის წარდგენა;

- თბილისის ისტორიული ნაწილისთვის არ არსებობს დეტალური ურბანული რეგლამენტი, არც რესტავრაცია-რეაბილიტაციის და არც „ინ.ფილდ" დიზაინის (ახალი მშენებლობების) დეტალური სახელმძღვანელო.

 

 

#კულტურულიმემკვიდრეობა

#საია

#ტფილისისჰამქარი

 

იხილეთ კვლევები:

თბილისის განვითარების ფონდის გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება

თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შეფასება