სასამართლო ხელისუფლება ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი იმ შემთხვევაში როდესაც პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ იყენებს პატიმრობას და იმ შემთხვევაშიც როდესაც არ იყენებს პატიმრობას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ასეთი კრიტიკა გაუმართლებელია, რადგან არ არის არგუმენტირებული. სამართლებრივი სახელწმიფოს მთავარი არსი უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების არა მხოლოდ აღიარებას, არამედ რეალური უზრუნველყოფის მექანიზმს.
აღკვეთის ღონისძიება არის დროებით შემაკავებელი საშუალება იმისა, რომ პირმა არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, არ მიემალოს გამოძიებას და არ მოახდინოს მტკიცებულებების განადგურება. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით ან გამოუყენებლობით არ მტკიცდება პირმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული, რადგან ამ ეტაპზე მოსამართლე არ აფასებს პირის დამნაშავეობის საკითხს.
2009 წლამდე მოქმედი და დღეს მოქმედი სისხლის სამართლი კანონმდებლობა ერთნაირად და მკაფიოდ განსაზღვრავდა და განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველს. კერძოდ, იმისათვის, რომ პირის მიმართ გამოყენებული იქნეს აღკვეთის ღონისძიება უნდა არსებობდეს ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს იმ საშიშროებას, რომ ბრალდებული მიემალება გამოძიებას, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. თავის მხრივ სასამართლოს აქვს ვალდებულება აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა, როგორც უკიდურესი ღონისძიება, გამოიყენოს მხოლოდ მყარი არგუმენტების შემთხვევაში და აუცილებლობისას.
აღკვეთის ღონისძიების საფუძვლების არსებობის დასაბუთება, რომ ბრალდებული არ მიიმალოს, არ გაანადგუროს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, ერთნაირად სავალდებულოა როგორც პატიმრობის, ისე უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების, მათ შორის, გირაოს გამოყენებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფის ალტერნატიული საშუალებები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა გირაო, უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს ამ უკანასკნელს, როგორც ბრალდებულის უფლებებისა და თავისუფლების შედარებით ნაკლებად შემზღუდავ ფორმას. აღნიშნულის თაობაზე ცალსახად მიუთითებს როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები. პატიმრობის გამოყენებისას ევროპის წამყვანი ქვეყნების სასამართლოთა პოზიცია ერთიანია. კერძოდ, პატიმრობისათვის აუცილებლად წარდგენილი უნდა იქნეს უტყუარი მტკიცებულებები თუ რატომ არ შეიძლება პირის მიმართ გამოყენებულ იქნეს სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.
მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირს ედავებიან განზრახ დანაშაულის ჩადენას, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და ამის გამო შეიძლება მიიმალოს ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული არ არის მყარი არგუმენტი და წარმოადგენს აბსტრაქტულ დასაბუთებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად პირი, რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უნდა გათავისუფლდეს სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია მოიყვანოს საკმარისი არგუმენტები პირის პატიმრობაში ყოფნის გასამართლებლად. პატიმრობის გამოყენების მოსაზრება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ფაქტებზე მითითებას, რომელიც ამართლებს ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას[1].
საბოლოოდ, აღკვეთის ღონისძიების და მით უფრო პატიმრობის გამოყენებისას მკაცრი ტესტის პრინციპით უნდა შეფასდეს საქმესთან დაკავშირებული ყველა ის ინდივიდუალური გარემოება, რომელიც მიმართულია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად. არგუმენტირებული კრიტიკა თვით შეფასების საუკეთესო საშაულებაა, თუმცა ამსთანავე კანონის სწორი წაკითხვა მხოლოდ სასამართლოს ვალდებულება არ არის. აქვე, პრინციპულად მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება, წინაღმდეგ შემთხვევაში ამ საკითხისადმი სხვაგვარი მიდგომა საზოგადოებაში შექმნის შერჩევითი მართლმსაჯულების განცდას, რაც იმთავითვე დააზიანებს დემოკრატიულ პროცესებს.
ლევან ვეფხვაძე საიას იურისტი
[1]Aleksanyan რუსეთის წინააღმდეგ. 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.