კორტების ტრაგედიიდან ოთხი წლის თავზე დამნაშავეები ჯერ კიდევ არ დასჯილან
2010-05-04 16:38
ოთხი წლის წინ, 2006 წლის 2 მაისს, ჩოგბურთის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ე.წ. "სპეცოპერაციის" შედეგად, ადგილზე იქნა მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება თავიდანვე არაეფექტურად წარიმართა და მიუხედავად იმისა, რომ კორტების ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა, დღემდე არ დასჯილან მკვლელობის ამსრულებლები და შსს-ს ის მაღალჩინოსნები, რომელთაც თანამდებობრივად ევალებოდათ “სპეცოპერაციის” უმსხვერპლოდ დასრულების დაგეგმვა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ზურაბ ვაზაგიშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობაში დამნაშავე პირთა დაუსჯელობამ სამართადამცავ სტრუქტურებში დაამკვიდრა დაუსჯელობის სინდრომი და იმის პრეზუმფცია, რომ მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა “პოლიციელი ყოველთვის მართალია.”
საქმის მასალების სამართლებრივი ანალიზი მოწმობს, რომ გამოძიება არასრულყოფილად და ცალმხრივად წარიმართა. კერძოდ,
• გამოძიების მიერ არავითარი ზომა არ ყოფილა მიღებული თვითმხილველების გამოსავლენად და დასაკითხად, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს უამრავი ადამიანი და არა ერთი მათგანი ინტერვიუს აძლევს ჟურნალისტებს მომხდარის შესახებ.
• რამდენიმე თვითმხილველის განცხადების საფუძველზე, რომელიც მოპოვებული იქნა დაზარალებული მხარის მიერ, ავტომანქანა "BMჭ" IOI ჴ 823-დან სროლას ადგილი არ ჰქონია. პოლიციელთა მხრიდან მანქანის მიმართულებით ცეცხლი გახსნილი იქნა ყოველგვარი გაფრთხილებისა და მოწოდების გარეშე, რომელიც შემდგომ გაგრძელებულდა სპეცრაზმელების მიერ;
• სახალხო დამცველის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა დაცვის მხარის და საზოგადოების ეჭვი იმის შესახებ, რომ გამოძიება კონკრეტულ საქმეზე ჩატარდა სუბიექტურად. კერძოდ, ალტერნატიულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მანქანაში მსხდომების მხრიდან არ განხორციელებულა არც ერთი გასროლა. მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან 840 ტყვია იქნა გასროლილი;
• ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ საჯაროდ გაცხადებული ინფორმაცია იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ჩასაფრება მოწყობილი იყო წინასწარ;
• გამოძიების მიერ პოლიციის თანამშრომლების გარდა, რომლებიც საქმის შედეგით დაინტერესებულ პირებს წარმოადგენდნენ, დაკითხული იქნა მხოლოდ სამი თვითმხილველი მოწმე. კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი ნათია ხაინდრავა და დაცვის მიერ გამოვლენილი ორი მოწმე. ნათია ხაინდრავა დაკითხული იქნა მხოლოდ იმის გამო, რომ მის დაკითხვას ითხოვდა საქართველოს სახალხო დამცველი, ბატონი სოზარ სუბარი. დანარჩენი ორი მოწმე დაკითხული იქნა მხოლოდ ადვოკატთა და ოჯახის წევრთა საჯარო შუამდგომლობის მერე, რომელიც გაჟღერებული იქნა ბრიფინგზე. გარდა ამისა, დაცვის მიერ გამოვლენილი მოწმეების დაკაითხვას გამოძიებას ასევე ავალდებულებდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
• პროცესის მწარმოებელმა ორგანომ მტკიცებულებად მიიჩნია საქმის შედეგით დაინტერესებულ პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც თავად მონაწილეობდნენ ე.წ. სპეცოპერაციაში;
• დაცვის მხარის მიერ მოწვეული მოწმეების განცხადების მიხედვით, მართალია, მათი დაკითხვა ფორმალური თვალსაზრისით განხორციელდა, მაგრამ მათი ჩვენებები სრულად იქნა იგნორირებული;
• დაზარალებულის ინტერესების დამცველი ადვოკატებს გამოძიების პროცესში არ მიეცათა საშუალება ჩაეტარებინათ ალტერნატიული ექსპერტიზა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილ ავტომანქანაზე;
სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა სპეცოპრაციას “სახალხო დახვრეტის” შეფასება მისცა. იმ გარემოების ფონზე, როდესაც კორტების ტრაგედიიდან ოთხი წლის შემდეგ, სახელმწიფოს მხრიდან პოლიციელთა დანაშაულებრივ ქმედებას არ მისცემია სათანადო შეფასება, არ ჩატარებულა საქმის ობიექტური და ყოვლისმომცველი გამოძიება და არ დასჯილან დამნაშავეები, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იზიარებს სახალხო დამცველის შეფასებას.