კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. ამ მიზნით ევროპულმა სასამართლომ არაერთი ზომა მიიღო. სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:
- სასამართლოს ძირითადი საქმიანობა და განსაკუთრებით, პრიორიტეტული საქმეების განხილვა პრინციპში შენარჩუნდება. ამ მიზნით, სასამართლო გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე მისი ამოცანების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად;
- სასამართლომ შეიმუშავა პროცედურები, რეგლამენტის 39-ე წესის მიხედვით, დროებითი ღონისძიების მიღების თაობაზე წარდგენილი გადაუდებელი მოთხოვნის განხილვასთან დაკავშირებით;
- სასამართლოს შენობა აღარ არის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. 2020 წლის მარტის და აპრილის თვეებში ჩანიშნული საქმის ზეპირი მოსმენები გაუქმდა შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე;
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლით დადგენილი საჩივრის შეტანის ექვს-თვიანი ვადის მოქმედება გამონაკლისის სახით შეჩერებულია ერთი თვის ვადით. აღნიშნული ერთ-თვიანი ვადის ათვლა 2020 წლის 16 მარტიდან დაიწყება;
- საქმეებში მხარებისთვის განსაზღვრული ყველა მიმდინარე ვადა შეჩერდება ერთი თვით, რომელიც 2020 წლის 16 მარტიდან აითვლება.
სასამართლოს განმარტებით, მიღებული ზომები მუდმივ გადახედვას დაექვემდებარება მოვლენათა განვითარების შესაბამისად.