დღესდღეისობით კორონა ვირუსი(COVID-19) მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და სოციალურ მედიაში პოპულარული გამოცემები უკვე აქტიურად წერენ იმ პრობლემებზე, რომელიც კორონა ვირუსმა უკვე შეუქმნა ან/და აწი კიდევ შეუქმნის მსოფლიოს ეკონომიკას. 9 მარტის მონაცემებით, აშშ-ში აქციების ფასი 7.5 პროცენტით დაეცა, რაც უოლ სტრიტზე 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. ნავთობის ფასებზე არსებულმა სრულმა ომმა შეარხია ფინანსური ბაზრები, რომლებიც კორონა ვირუსების გავრცელების ზღვარზეა.
ის რომ კორონა ვირუსი მსოფლიო ეკონომიკაზე ნეგატიურად ზემოქმედებს და მისი ფართოდ გავრცელების შემთხვევაში შესაძლოა ქვეყნების უმრავლესობა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანოს აზრს მოკლებული მსჯელობა ნამდვილად არ არის. ამ პროცესში კი განსაკუთრებით საინტერესოა იმის გაანალიზება თუ რა შედეგები შეიძლება იქონიოს ეკონომიკურმა კრიზისმა ადამიანის უფლებებზე და როგორი შეიძლება იყოს სახელმწიფოს გონივრული ქცევა აღნიშნულ პროცესში.
2008-2009 წლებში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოცადეს ყველაზე მძაფრი ეკონომიკური კრიზისი 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ. წარსულ გამოცდილებებზე დაკვირვებით, ეკონომიკური კრიზისი წარმოშობს მწვავე პრობლემებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და აღსრულების ნაწილში. თავს იჩენს ისეთი მწვავე საკითხები, როგორიცაა: გაზრდილი უმუშევრობის დონე, შემცირებული სახელმწიფო ხარჯები და ასევე ქსენოფობია და რასიზმი. ეკონომიკური კრიზისის დროს მოწყვლად ჯგუფებად მიიჩნევიან ბავშვები, მოზარდები, მოხუცები, მიგრანტები და ეთნიკური უმცირესობები.
2008-2009 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მსოფლიოს რამდენიმე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლა. ასეთ დროს ქვეყნის მმართველი ძალა ვერ ახერხებს მოსახლეობის თანაბარ სოციალურ უზრუნველყოფას, აქტიური სამუშაო ძალის პოლიტიკას შეუძლია შეამციროს გრძელვადიანი უმუშევრობა და სამუშაო რესურსის გაფლანგვა და ბოლოს, წარსულში ჩაგრული ჯგუფები უფრო მეტად განიცდიან შევიწროებას სხვადასხვა უფლებრივ ასპექტებში.
ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს თანასწორობის პრინციპი, არ შეზღუდოს ადამიანის უფლებები და ასეთის არსებობის შემთხვევაში ყოველი შეზღუდვა განპირობებული უნდა იყოს მწვავე სოციალური საჭიროებით.
გაზრდილი უმუშევრობის პირობებში ევროკავშირის სახელმწიფებმა კრიზისის წინააღმდეგ სხვადასხვა კონტრზომები განახორციელეს. მაგალითისთვის, გაერთიანებულმა სამეფომ პოსტ-კრიზისული პერიოდის ფონზე შექმნა პროგრამა, რომელიც 18-24 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში უმუშევრები იყვნენ, სამსახურს სთავაზობდა. ლიტვაში, ლიტვის შრომითი ბირჟის ახალი პროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა ევროპული სოციალური ფონდი „იყავი აქტიური შრომის ბაზარზე“, დამსაქმებლებს სთავაზობდა მწირი გამოცდილების მქონე დასაქმებულთა ხელფასების 50%-იან სუბსიდირებას. მსგავსი შინაარსის ღონისძიებები განახორციელეს სხვა ქვეყნებმაც, როგორიცაა ესპანეთი, საფრანგეთი და სხვა.
რაც შეეხება ქსენოფობიისა და რასიზმის პრობლემას, 2009 წლის თებერვალში გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ანტონიო გუთერესმა განაცხადა, რომ „ქსენოფობია არის განუყოფელი ტრენდი მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა იწყებს გაუარესებას.“ ეკონომიკური კრიზისის დროს ქსენოფობიისა და რასიზმის პრობლემას აღვივებს ის, რომ რესურსები შეზღუდულია. ექსტრემისტული ჯგუფების სამიზნე ჯგუფები რესურსების ნაკლებობისას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქმებიან და მათ მიმართ გამოხატული სიძულვილის ენაც მატულობს.
ალბათ, ყველას გახსოვთ როგორ შეხვდა ქართული მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებას - გადაჭედილ სუპერმარკეტებში რიგში დგომით და ფიქრით - დაკლებას დარჩენა სჯობიაო. აღნიშნული ხასიათის გამოვლინება საერთო არაა კავშირი იმასთან თუ რომელი ეროვნებისა ხარ, ეს ზოგად-ადამიანურ-ცხოველური ინსტინქტია და არ უნდა გაგვიკვირდეს, უბრალოდ, მივიღოთ ისეთი როგორიც არის. ალბათ, ისიც გახსოვთ, ერთი ჩინელის ერთმა დაცემინების შიშმა ერთი ხელის მოსმით როგორ დაცალა თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალი მატარებელი.
2008-2009 წლებისგან განსხვავებით, სოციალური მედიის საშუალებით დღეს უფრო მარტივადაა შესაძლებელი ინფორმაციის ფართო მასებში გავრცელება. სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელებული განგაში არ სცნობს გეოგრაფიულ სივრცეს და დროს, რის გამოც ადამიანი მას ისე აღიქვამს თითქოს საფრთხის ეპიცენტრიდან არც მანძილი აშორებდეს და არც რო სჭირდებოდეს მის გავრცელებას. ასეთ პირობებში ხშირია შემთხვევა როცა, ფაქტობრივ და ციფრულ რეალობას შორის თანხვედრა ერთმანეთს სცდება და იქმნება ე.წ სენსაციონალური შოკი. საბოლოოდ, რაც უფრო დიდია ფაქტობრივ და ციფრულ რეალობას შორის აცდენა მით უფრო ძნელი ხდება იმ საფრთხის გადატანა, რომელსაც სოციალურ მედიაში არსებული ბაბლი ქმნის. სწორედ ამიტომ გვიმძიმს კორონა ვირუსისგან მომდინარე საფრთხისგან ყურადღების გადატანა, მაშინაც კი როცა არათუ პანიკის, არამედ საფრთხის საფუძველიც კი არ არსებობს. სოციალურ მედიაში გასული სიუჟეტის შემდეგ, საკუთარ ოთახში მჯდარმა შესაძლოა ანტიბაქტერიული ხსნარი აიღოთ და 5 წუთის წინ დაბანილი ხელები კიდევ ერთხელ, გულდასმით გაიწმინდოთ. ვფიქრობ, სწორედ ასეთი ძნელი იქნება ეკონომიკური კრიზისის სოციალურ დონეზე გაძლება, რომელსაც უკვე აქტიურად პროგნოზირებენ.
იმის გათვალისწინებით, რომ ლარის ინფლაციის დონე კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება, და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც ერთნიშნა ციფრია, ეკონომიკური კრიზისი ქვეყანას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ეკონომიკური კრიზისის პირობებში კი როგორც ზემოთ აღვნიშნე, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ დადგება ადამიანის ისეთი უფლებები, როგორიცაა შრომის უფლება, თანასწორობის უფლება, უსაფრთხოების უფლება, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უფლება და სხვა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები.
ეკონომიკურ კრიზისებთან ბრძოლის წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სახელმწიფოს მიერ კრიზისის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები წარმატებულია მაშინ, როდესაც ის არ უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს. პირიქით, ეკონომიკური კრიზისის დროს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში მათი პროპორციული შეზღუდვა განაპირობებს კრიზისისგან სწრაფ გამოსვლას. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მოეთხოვება განსაკუთრებული სიფრთხილით შეზღუდოს ადამიანის უფლებები, რათა თავიდან აირიდოს კერძო სტიმულების ჩახშობა. სახელმწიფომ უნდა შეამციროს სამთავრობო ხარჯები, რადგან „მცირე მთავრობის“ კონცეპციის პირობებში შესაძლებელი იქნება ფინანსების კონსოლიდაცია და ადამიანური არსებობისთვის საჭირო მინიმალური პირობების შექმნა. აღნიშნული ვალდებულება კი ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებიდან - ღირსების უფლებიდან მომდინარეობს. თავის მხრივ ღირსების უფლება კი სახელმწიფოს ნებისმიერ პოლიტიკაზე მაღლა მდგომ ღირებულებას წარმოადგენს.
ვასილ ჟიჟიაშვილი საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი
შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას