საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა. საია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო საიდუმლოების (122-ე მუხლი) კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით აღიარებულია სახელმწიფო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის დაუბრკოლებლად მოპოვების უფლება. ინფორმაციის მოპოვების უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ინფორმაცია თავისი არსით წარმოადგენს სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ინფორმაციის შეზღუდვის საფუძვლად საგადასახადო საიდუმლოებას.