კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით (ბუნებრივი ბარიერით) უნდა ჩატარებულიყო, რეგისტრირებული 141 დეპუტატიდან პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა (წინააღმდეგ წავიდა - 3). ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 37-მა პარლამენტარმა. იმ პარლამენტარებს შორის, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, 35 მაჟორიტარული წესითაა არჩეული, 5 კი პროპორციულით. იმ 7 დეპუტატიდან, რომლებიც პარლამენტის სხდომას არ დასწრებიან, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის - მამუკა მდინარაძის - თქმით, 3-ს საპატიო მიზეზი ჰქონდა.
საია გთავაზობთ ამ პროცესში ხშირად დასმული შეკითხვებსა და მათზე პასუხებს:
❓მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პირველ მოსმენაზე მხარი არ დაუჭირა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების პროექტს, შესაძლებელია თუ არა იმავე პროცედურის ფარგლებში ხელახალი/განმეორებითი კენჭისყრა
არ არის შესაძლებელი. რეგლამენტის თანახმად ხელახალი/განმეორებითი კენჭისყრა გათვალისწინებულია მხოლოდ ორ შემთხევაში:
- თუ კანონპროექტი მეორე მოსმენისას ჩავარდა;
- თუ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ დადასტურდა, რომ ელექტრონულმა სისტემამ არ მიიღო ბარათის სიგნალი ან სხვისი ბარათი იქნა გამოყენებული და ეს ხმა გადამწყვეტია.
ამ კანონპროექტმა კი პირველი მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვა საჭირო ხმათა რაოდენობა და ის უარყოფილად ითვლება, ასევე 37 დეპუტატიდან, რომლებმაც მხარი არ დაუჭრეს რეფორმას არცერთს არ განუცხადებია ხმის მიცემისას ტექნიკური დაბრკოლებების შესახებ.
❓მაქსიმუმ რა პერიოდი სჭირდება ამავე საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას და განხილვას პარლამენტში
პარლამენტის წევრთა მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში განხილვას მაქსიმუმ 5 თვემდე სჭირდება. პროცესი იწყება ინიცირებით. კონსტიტუციური კანონის პროექტზე ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით გადასცემს საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც 1 კვირის ვადაში წარუდგენს ბიუროს. ბიუროს საკითხი შეაქვს უახლესი პლენარული სხდომების დღის წესრიგში, რომელიც ქმნის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას. პროექტის პარლამენტში განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ. ამის შემდეგ საპარლამენტო კომიტეტები პროექტს განიხილავენ განიხილავენ 1 თვის ვადაში. პარლამენტის კომიტეტებში კანონპროექტის პირველი მოსმენის დასრულების შემდეგ კანონპროექტი გადის აუხლოეს ბიუროზე. ბიუროს თავის მხრივ შეაქვს პროექტი უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
მეორე მოსმენით კომიტეტები იხილავენ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებიდან 3 კვირის ვადაში. მეორე საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პროექტი კვლავ ეგზავნება ბიუროს, რომელსაც შეაქვს პროექტი აუხლოესი პლენარული სესიის დღის წესრიგში. მესამე საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პროექტი ეგზავნება ისევ საორგანიზაციო დეპარტამენტს უახლოეს ბიუროზე გასატანად. ბიუროს თავის მხრივ შეაქვს პროექტი უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. ამ პროცედურების გათვალისწინებით კონსტიტუციის პროექტის განხილვა მაქსიმუმ მაისის დასაწყისში დასრულდება (თუ კანონპროექტი მომავალ კვირაში ინიცირდება).
❓რა შემთხვევაში ინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, რიგგარეშე არჩევნები ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
1. თუ პრემიერი გადადგა და პარლამენტმა ახალი ვერ დაამტკიცა;
2. თუ პრემიერმა პარლამენტს ნდობის განახლებისთვის მიმართა, ვერ მიიღო და საკანონმდებლო ორგანომ ვერც ახალი კაბინეტი ვერ დაამტკიცა.
ბიუჯეტის არ დამტკიცება, მთავრობის უნდობლობა, უმრავლესობის დაშლა - არცერთი ეს შემთხვევა პარლამენტის დაშლის საფუძველია არ არის.
❓რა სისტემით ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები მისი გამართვის შემთხვევაში
დღევანდელ საკანონმდებლო რეალობაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვის შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება შერეული საარჩევნო სისტემით 3%-იანი ბარიერის არსებობის პირობებში (პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 დეპუტატისაგან).
❓რას გულისხმობს ე.წ. „გერმანული მოდელი“
თავდაპირველად უნდა ითქვას რომ ეს მოდელი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან ის ინარჩუნებს საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტების, როგორც მაჟორიტარულ, ისე პროპორციულ ნაწილს და მის შემოსაღებად საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა საკმარისია (რისთვისაც საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა).
გერმანული მოდელის მიხედვით პარლამენტი შედგება როგორც პროპორციული ისე მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატებისგან, მაგრამ პარტიის მიერ ამ ორი წესით მიღებული მანდატები მექანიკურად არ ჯამდება. მანდატების დათვლის პროცესში ერთვება პროპორციულობის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტისა და პარლამენტში მიღებული მანდატების პროპორციულობას. გერმანული მოდელის მიხედვით პარტია ვერ აიღებს იმაზე მეტ მანდატს რაც მის მიერ არჩევნებზე მიღებული ხმების პროპორციას აღემატება.
მაგ. პარლამენტი შედგება 100 დეპუტატისგან, სადაც 50 მაჟორიტარული წესით აირჩევა და 50 - პროპორციულით.
ვარიანტი I: თუ პარტია პროპორციულ ნაწილში მიიღებს ხმების 50% და 50-ივე მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, ის პარლამენტში შეიყვანს 50 მაჟორიტარს, ხოლო პროპორციული სიიდან ვერცერთ კანდიდატს. ამდენად არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტი დაემთხვევა პარლამენტში მიღებული მანდატების რაოდენობას.
ვარიანტი II: თუ პარტია პროპორციულ ნაწილში მიიღებს ხმების 50% და 30 მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, ის პარლამენტში შეიყვანს 30 მაჟორიტარს, ხოლო პროპორციული სიიდან 20 დეპუტატს. აქაც არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტი დაემთხვევა პარლამენტში მიღებული მანდატების რაოდენობას.
ვარიანტი III: თუ პარტია პროპორციულ ნაწილში მიიღებს ხმების 40% და 50-ივე მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, ის პარლამენტში შეიყვანს 50 მაჟორიტარს, ხოლო პროპორციული სიიდან ვერცერთ კანდიდატს. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პარლამენტში მიღებული მანდატების პროცენტი აღემატება არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტს. ეს უსამართლო განაწილება გამოწვეულია, იმით რომ საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტართა რაოდენობა მყარად განსაზღვრულია, სხვა შემთხვევაში მისი გაქარწყლებაც იქნებოდა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ეს მოდელი ბევრად სამართლიანია, ვიდრე ის, რომელითაც 2020 წლის არჩევნების ჩატარება იგეგმება.
❓როგორია ამ ეტაპზე ძალთა გადანაწილება საქართველოს პარლამენტში
2019 წლის 14 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში 148 მოქმედი დეპუტატია. 148 დეპუტატიდან უმრავლესობის შემადგენლობაშია 93, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში - 32, საკანონმდებლო ორგანოში ასევე ირიცხება 23 დამოუკიდებელი პარლამენტარი.