კომიტეტები საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ადგენენ საკუთარი მუშაობის წლიურ სამოქმედო გეგმას.[1] ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს კომიტეტის მიერ განსახორციელებელი აქტივობებისა და ვადების შესახებ ინფორმაციას.[2] ასევე, თითოეულ აქტივობაზე უნდა განისაზღვროს პასუხისმგებელი კომიტეტის წევრი ან წევრები.[3] ეს პირები ავტომატურად ხდებიან თემატური მომხსენებლები.[4]
თუმცა, რეგლამენტი ცალსახა, არაორაზროვან, მკაფიო სურათს არ იძლევა თემატური მომხსენებლის შესახებ. ერთი ნორმით ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობაზეა პასუხისმგებელი,[5] ხოლო მეორეთი – სამუშაო სფეროზე/მიმართულებაზე.[6] ასე რომ, მასთან ორი ელემენტი – „აქტივობა“ და „სფეროა“ დაკავშირებული. ამგვარად, სისტემური განმარტებით,[7] ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კონკრეტული სფეროს და ამ სფეროში შემავალი ყველა საკითხის თემატური მომხსენებელია.
2019 წელს ყველა კომიტეტმა შეიმუშავა საკითხებად ჩაშლილი სამოქმედო გეგმა.[8] კომიტეტის წევრებიც თემატურ მომხსენებლებად ამ საკითხებზე – და არა სფეროებზე – დაინიშნნენ. ამიტომ, ისინი ქაოსურად არიან გაბნეულნი სხვადასხვა თემაზე.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ინსტიტუტი დანიშნულებისამებრ ვერ ფუნქციონირებს. პრობლემას ნორმების ბუნდოვანება იწვევს, რომლის მოსაგვარებლად, საჭიროა, რეგლამენტით მკაფიოდ განისაზღვროს, რომ თემატური მომხსენებელი კონკრეტულ სფეროსა და ამ სფეროთი მოცულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირია.
სამოქმედო გეგმის სტრუქტურა
რეგლამენტი სამოქმედო გეგმის სტრუქტურაზე პირდაპირ არაფერს ამბობს, თუმცა ადგენს, რომ იგი უნდა შეიცავდეს კონკრეტულ აქტივობას[9] და, აგრეთვე, სამუშაო სფეროს/მიმართულებას.[10] გამოდის, გეგმას ორი სტრუქტურული ერთეული გააჩნია - სამუშაო სფერო/მიმართულება და კონკრეტული აქტივობა.
შესწავლილ გეგმებში ეს სტრუქტურა დაცული არ არის და განსხვავებული ფორმატებით ხასიათდება.[11] 7 გეგმა 4 სტრუქტურული ერთეულისგან შედგება: თემა, სტრატეგიული მიზანი, ამოცანა და საკითხი;[12] 5 – 3-ისგან: სტრატეგიული მიზანი, ამოცანა და საკითხი;[13] 3 (ფორმალური თვალსაზრისით, შეესაბამება რეგლამენტის მოთხოვნებს) – 2-ისგან: თემა და საკითხი.[14] თუმცა, გეგმები ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც პრობლემურია, რადგან კომიტეტის წევრები არა თემებზე, არამედ საკითხებზე არიან დანიშნულნი თემატურ მომხსენებლებად.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო სტრუქტურული ერთეული – „საკითხი“ – სხვადასხვა ტერმინით არის აღნიშნული სხვადასხვა სამოქმედო გეგმაში. სიტყვა „ღონისძიება“ გამოყენებულია 4 შემთხვევაში,[15] „საკითხი“[16] და „აქტივობა“[17] – 2-2-ში, „ქმედება“ – 4-ში,[18] „საქმიანობა“,[19] „აქტივობა/ღონისძიება“[20] და „ღონისძიება/ქმედება“[21] – თითოში.
ზემოთ აღწერილი შეუსაბამობები ართულებს ამ დოკუმენტების ერთმანეთთან შედარებას და საერთო კონტექსტში მათ აღქმას. ამიტომ, აუცილებელია, კომიტეტების სამოქმედო გეგმებს იდენტური სტრუქტურა ჰქონდეს. ის უნდა შედგებოდეს კონკრეტული თემისა და მასში შემავალი აქტივობებისგან.
თემატურ მომხსენებლად დანიშვნა
დეპუტატი საკუთარი ინიციატივით ინიშნება მომხსენებლად.[22] თუ სურვილს არც ერთი მათგანი არ გამოთქვამს, მაშინ ამ ვალდებულებას მათ კომიტეტის თავმჯდომარე დააკისრებს.[23] 2019 წელს ყველა კომიტეტმა დანიშნა თემატური მომხსენებლები.[24] ასეთებად საკითხთა უმრავლესობაზე კომიტეტის თავმჯდომარეები (81,7%) არიან მითითებულნი.[25]
რეგლამენტის მიხედვით, ყოველი მიმართულებისთვის ერთი თემატური მომხსენებელი აუცილებლად უნდა იყოს უმრავლესობიდან და, სურვილის შემთხვევაში, ერთი – ოპოზიციიდან.[26] თუმცა, ეს უკანასკნელი ამ მექანიზმს იშვიათად იყენებს.[27] 1303-დან მხოლოდ 27 საკითხზე იყო თანამომხსენებელი ოპოზიციის წარმომადგენელი.[28] მათი წილი 2019 წლის ბოლოსთვის 223-მდე მას შემდეგ გაიზარდა, რაც დეპუტატთა ნაწილმა უმრავლესობა დატოვა.[29]
ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები ცუდი პრაქტიკის მაგალითებია. ამ მექანიზმის მიზანი დეპუტატებს შორის შრომის დანაწილებაა.[30] ამიტომ, სამუშაო პროცესში თანაბრად უნდა ჩაერთოს კომიტეტის ყველა წევრი, მათ შორის, ოპოზიციაც.
თემატური მომხსენებლის ვინაობა
თემატურ მომხსენებლად შესაბამისი კომიტეტის წევრი ინიშნება.[31] სამოქმედო გეგმაში ზუსტად უნდა ჩაიწეროს იმ დეპუტატის სახელი და გვარი, რომელიც კონკრეტულ მიმართულებაზეა პასუხისმგებელი. თუმცა, 7 შემთხვევაში განსაზღვრული არ არის კონკრეტული პირი და შესაბამის გრაფაში მითითებულია „კომიტეტის წევრი“;[32] 11-ში – აპარატის თანამშრომელი;[33] თითო შემთხვევაში – ისეთი საპარლამენტო ერთეული, როგორიცაა დელეგაცია, სამუშაო ჯგუფი და ნდობის ჯგუფი.[34] თითოეული ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება რეგლამენტის მოთხოვნებს.
2 შემთხვევაში პარლამენტის წევრებმა დატოვეს კომიტეტი, თუმცა ცვლილება არ შესულა სამოქმედო გეგმაში და ისინი კვლავ რჩებიან მომხსენებლებად.[35] აუცილებელია, კომიტეტის წევრთა ცვლილებები აისახოს სამოქმედო გეგმაში.
თემატური მომხსენებლის მიერ ჩატარებული მოხსენებები
თემატურ მომხსენებლებს მათთვის განსაზღვრულ საკითხებზე გაწეული სამუშაოს შესახებ კომიტეტის წინაშე უნდა წარედგინათ მოხსენებები.[36] 15-იდან მხოლოდ 5 კომიტეტში,[37] სულ 7-მა მომხსენებელმა[38] წარადგინა ანგარიში, ჯამში, 155 საკითხზე.[39] 7-დან 2-ის ინიციატივით,[40] თემის დასამუშავებლად შესაბამის კომიტეტებში შეიქმნა თემატური მოკვლევის ჯგუფები. მომხსენებლის ანგარიშზე რეაგირებისა და პრობლემის უფრო ღრმად შესწავლის მიზნით შესაბამისი საპარლამენტო მექანიზმის გამოყენება კარგი პრაქტიკაა. იმავდროულად, რეკომენდირებულია, მომხსენებლებმა მათზე დაკისრებული ვალდებულება ჯეროვნად შეასრულონ და კომიტეტებს შესაბამისი მოხსენება წარუდგინონ.
დასკვნა
თემატური მომხსენებელი საშუალებას იძლევა, საკომიტეტო საქმიანობა ეფექტიანად გადანაწილდეს კომიტეტის წევრებს შორის. თუმცა, პრაქტიკამ რამდენიმე პრობლემური ასპექტი გამოკვეთა. პირველ რიგში, ეს ეხება სამოქმედო გეგმის სტრუქტურას. კომიტეტები სხვადასხვა ფორმას მიმართავენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, არ შეესაბამება რეგლამენტს. ამასთან, აუცილებელია თემატური მომხსენებლის ფუნქციების მკაფიოდ გამოკვეთა ნორმატიულ დონეზე, რაც სამოქმედო გეგმაში შესაბამისად უნდა გარდაისახოს.
პრობლემურია ანგარიშგება – ჯამურად, საკითხების მხოლოდ 1/9-ზე წარედგინა კომიტეტებს შესაბამისი მოხსენებები. თვალშისაცემია კომიტეტის წევრებს შორის სამუშაოს არათანაბარი განაწილება და თემატურ მომხსენებლებად, ძირითადად, კომიტეტის თავმჯდომარეების/მათი პირველი მოადგილეების დარეგისტრირება, აგრეთვე, ოპოზიციაში მყოფი დეპუტატების ინერტულობა.
რეგლამენტის დარღვევაა მომხსენებლებად კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისა და საპარლამენტო სუბიექტების მითითება, მომავალში შევსების იმედით თავისუფლად დატოვებული ადგილები და კომიტეტის წევრების გადადგომით გამოწვეული ცვლილებების იგნორირება.
გიორგი ალავერდაშვილი
საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი
ბლოგპოსტი მომზადებულია პროექტის - „უსაფრთხოების სექტორში საიდუმლო შესყიდვებზე საპარლამენტო ზედამხედველების ხელშეწყობა“ - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ.
[1] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტი. [2] იქვე, მე-3 პუნქტი. [3] იქვე. [4] იქვე. [5] იქვე. [6] იქვე, 45-ე მუხლის მე-2-მე-6 პუნქტები. [7] საუბარია რეგლამენტის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო 2 წინადადებასა და 45-ე მუხლის მე-2-მე-6 პუნქტებზე. [8] იხ. ცხრილი. [9] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი. [10] იქვე, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი. [11] მაგ. შეად. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საპროცედურო საკითხთა და წესების და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების სამოქმედო გეგმები. [12] ასეთი სტრუქტურის მქონე სამოქმედო გეგმები აქვთ: აგრარულ საკითხთა; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; თავდაცვისა და უშიშროების; იურიდიულ საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებს. [13] ასეთი სტრუქტურის მქონე სამოქმედო გეგმები აქვთ: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა, საფინანსო-საბიუჯეტო და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებს. [14] ასეთი სტრუქტურის მქონე სამოქმედო გეგმები აქვთ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებს. [15] ესენია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტები. [16] ესენია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტები. [17] ესენია ევროპასთან ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები. [18] ესენია თავდაცვისა და უშიშროების; საგარეო ურთიერთობათა; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტები. [19] საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. [20] აგრარულ საკითხთა კომიტეტი. [21] საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. [22] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი. [23] იქვე, 45-ე მუხლის მე-4 პუნქტი. [24] იხ. ცხრილი. [25] იქვე. [26] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი. [27] იხ. ცხრილი. [28] იქვე. [29] იქვე. [30] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტი. [31] იქვე. [32] იხ. ცხრილი. [33] იქვე. [34] იქვე. [35] იქვე. [36] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 45-ე მუხლის მე-6 პუნქტი. [37] ესენია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; თავდაცვისა და უშიშროების; საგარეო ურთიერთობათა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტები. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 26 თებერვლის №1-2397/20 წერილი. [38] ეს დეპუტატები არიან: სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო წილოსანი, სიმონ ნოზაძე და ნინო გოგუაძე. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 26 თებერვლის №1-2397/20 წერილი. [39] საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 26 თებერვლის №1-2397/20 წერილი. [40] ეს დეპუტატები არიან ნინო წილოსანი და ნინო გოგუაძე. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 26 თებერვლის №1-2397/20 წერილი.