კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის სურს გამოეხმაუროს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის საკითხს, რომლის მიმართაც საზოგადოებაში უკვე არსებობს მზარდი ინტერესი. როგორც ცნობილია, მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა 2015 წლის თებერვალში იწურება.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პრეზიდენტი. კანდიდატი კი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კანონმდებლობის მიხედვით, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, პრეზიდენტს აღარ აქვს უფლება იგივე კანდიდატი განმეორებით წარადგინოს. ასეთ შემთხვევაში მან პარლამენტს უნდა წარუდგინოს ახალი კანდიდატურა. მოქმედი კანონმდებლობით არ არის დადგენილი კონკრეტულად, რა ვადაში უნდა წარუდგინოს პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატურა, ხოლო ამ უკანასკნელმა - უნდა განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატთან დაკავშირებით.
არსებული კანონმდებლობით, კანდიდატის შერჩევა და პარლამენტისთვის წარდგენა პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს, თუმცა საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებითია, რომ კანდიდატურის შერჩევის, წარდგენის და დამტკიცების პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური იყოს. ეს კი როგორც პრეზიდენტმა ასევე პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმები, ასევე თავად შერჩევის პროცედურა. აღნიშნული საკითხის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესისა და უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის როლის გათვალისწინებით მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროცესში, მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების გათვალისწინება:
• კანდიდატის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური უნდა იყოს. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ნათელი იყოს როგორც იმ პროცედურის შინაარსი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი შეარჩევს კანდიდატურას, ასევე უზრუნველყოფილი იყოს ამ პროცესში პროფესიული, ექსპერტული და მიუკერძოებელი სუბიექტების მონაწილეობა, მათ შორის, პრეზიდენტთან კონსულტაციების გზით;
• კანდიდატის შერჩევის პროცესი დაცული უნდა იყოს პოლიტიკური ჯგუფების გავლენისგან. სასამართლო ხელისუფლების და სხვა სახელისუფლო ინსტიტუტების მიმართ ნდობის განმტკიცების მიზნით პროცესი უნდა წარიმართოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით;
• ნომინირებული კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს მაღალი სამართლებრივი კვალიფიკაციით, მართლმსაჯულების სფეროში წარმატებული და გრძელვადიანი მოღვაწეობით, ამავდროულად პრინციპულობით და შეუვალობით სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვაში;
• კანდიდატურის საკანონმდებლო ორგანოში განხილვის დროს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს პროცესის ღიად და დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით წარმართვა. საკომიტეტო მოსმენის შესახებ გონივრული ვადით ადრე უნდა გახდეს ცნობილი და ნომინირებულ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის;
• საქართველოს პარლამენტის წევრებმა - პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებმა - კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინონ მხოლოდ ნომინირებული კანდიდატის პროფესიული თვისებები, ასევე ზოგადად საზოგადოების ინტერესები მართლმსაჯულების სიტემაში ძირეული ცვლილებების განხორციელების მიმართულებით.
• პროცესის ვიწრო პარტიული ინტერესებიდან დისტანცირების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით პარლამენტის ფრაქციათა და ცალკეულ დეპუტატთა პოზიციები, ისევე როგორც არგუმენტაცია დაფიქსირებული და განმარტებული იქნას საზოგადოებისთვის სხვადასხვა გზით, მათ შორის, საკომიტეტო მოსმენისას ან/და მედიასთან საკითხზე კომენტირების დროს.
• მნიშვნელოვანია, რომ პროცესი წარიმართოს გონივრულ ვადებში, უსაფუძვლო გაჭიანურების გარეშე, რათა საზოგადოებაში არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ხდება პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება.
მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარმართოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენისა და დამტკიცების პროცესი. ყოველივე აღნიშნულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მართლმსაჯულების სიტემაში დაწყებული რეფორმების ეფექტიანად გაგრძელებისა და აღსრულების თვალსაზრისით. კოალიცია გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს პროცესის გაუმჯობესებას და მის გამჭვირვალედ წარმართვას.