საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე,“ რომლის ინიციატორია - საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის მიზანია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და აღნიშნული ინსტიტუტის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, შემოთავაზებული ცვლილებებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საქმიანობისა და ფუნქციონირების ძირეული ასპექტები. აღსანიშნავია, რომ მოცემულ ვერსიაში, ასახულია იმ შენიშვნების უმრავლესობა, რომლებიც რეფორმის საწყის ეტაპზე გამოითქვა, როგორც კოალიციის, ასევე - საერთაშორისო ექსპერტების მიერ.
კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხდომა არის ღია, გარდა კონკრეტული გამონაკლისებისა. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის ფორმა რჩება უცვლელი. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით, ნაფიც მსაჯულებს აღარ მოუწევთ მიღებული ვერდიქტის დასაბუთება სამართლებრივ და შინაარსობრივ კითხვებზე პასუხის გაცემის გზით. ასევე, უცვლელი რჩება ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრების წესი და, მისი გასაჩივრება, მხოლოდ კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში დაიშვება.
მიუხედავად ხსენებული პოზიტიური ცვლილებებისა, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი კვლავ შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზს, რაც უკავშირდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იურისდიქციას. კანონპროექტის პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, მოცემული ცვლილებებით, მნიშვნელოვნად მცირდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იურისდიქცია კონკრეტულ დანაშაულებთან მიმართებით. კოალიცია მიიჩნევს, რომ, შესაძლებელია, აღნიშნული განპირობებული იყოს სახელმწიფოს ხელთ არსებული რესურსის სიმწირით.
თუმცა, ვინაიდან საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო წარმოადგენს პირის კონსტიტუციურ უფლებას, მნიშვნელოვანია, კანონმდებელმა ნათლად მიუთითოს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იურისდიქციის გაფართოვება შეუქცევადი პროცესია. შესაბამისად, კანონპროექტში უნდა დაფიქსირდეს სახელმწიფოს მზაობა, რომ მომავალში, ნებისმიერ ბრალდებულს, საშუალება ექნება სრულყოფილად ისარგებლოს ამ უფლებით.
გარდა ამისა, ბუნდოვანია, თუ რა პრინციპით და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეირჩა ის დანაშაულები, რომლებზეც 2017 წლის 1 იანვრიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იურისდიქცია უნდა გავრცელდეს და ასევე რა საფუძვლით გამოირიცხა სხვა დანაშაულები.
მოვუწოდებთ პარლამენტს, აღმოიფხვრას აღნიშნული პრინციპული პრობლემა და გათვალისწინებულ იქნას ზემოხსენებული შენიშვნები საპარლამენტო განხილვის ფორმატში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოთავაზებული კანონპროექტი ვერ იქნება სისტემურად გამართული და არ იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.
|