„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გადაიწევს, ამჯერად 2 წლით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე. კოალიციას მიაჩნია, რომ ინიცირებული ცვლილება უარყოფით გავლენას მოახდენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განვითარებაზე და მოუწოდებს კანონპროექტის ინიციატორებს გამოიწვიონ კანონპროექტი პარლამენტიდან.
მოწმის დაკითხვის ახალი წესი, მოქმედი ძველი წესისგან განსხვავებით, უზრუნველყოფს:
• მხარეთა რეალურ თანასწორობასა და პროცესის შეჯიბრებითობას, რაც საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლით გარანტირებული პრინციპია. მხარეთა თანასწორობის მისაღწევად აუცილებელია გაუქმდეს ბრალდების მხარისათვის ამ დრომდე მინიჭებული გაუმართლებელი უპირატესობები. კერძოდ, ბრალდების მხარის დაუსაბუთებელი უპირატესობა, რომ გამოძიების ეტაპზე სავალდებულოდ მიიღოს ჩვენება მოწმისგან, მაშინ როდესაც დაცვის მხარეს ამის უფლება არ გააჩნია. თავის მხრივ, დაცვის მხარე არ მონაწილეობს მოწმის მიერ ბრალდების მხარისთვის ჩვენების მიცემის პროცესში;
• სასამართლო ხელისუფლების კონტროლს მოწმესთან ურთიერთობის პროცესზე, რაც შეამცირებს მოწმეზე ზეწოლის, მცდარი და იძულების ქვეშ მიცემული ჩვენებების რისკს. მოსალოდნელია, რომ ამგვარი გარანტია გააჯანსაღებს საზოგადოების დამოკიდებულებას მოწმის სტატუსით მართლმსაჯულებისთვის დახმარების აღმოჩენის მიმართ.
კოალიცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოწმის დაკითხვის ახალი წესის გადავადება ცალსახად უარყოფითი ფაქტია, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, ისე საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას მხარეთა თანასწორობაზე. ეს ინიციატივა ასევე ხელს არ შეუწყობს მოწმის სტატუსის სისტემის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გაჯანსაღებას.
გამომდინარე აქედან, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ ინიციატივას, ასევე მიმართავს კანონპროექტის ინიციატორებს, რომ გაიწვიონ კანონპროექტი პარლამენტიდან და იზრუნონ მოწმის დაკითხვის ახალი წესის სრულფასოვან ამოქმედებაზე.