კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის სათანადოდ დარეგულირებისათვის საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს. ცვლილებების მიზანია, საბჭოს არ დარჩეს შესაძლებლობა კონკრეტულ შემთხვევებში თვითნებური გადაწყვეტილებები მიიღოს და მისი საქმიანობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.
არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, კოალიცია კამპანია „მინდა ვენდო სასამართლოს“ ფარგლებში, ცვლილებებს შემდეგი მიმართულებებით ითხოვს:
- დარეგულირდეს საბჭოს სხდომების დახურვის წესი, ხოლო მოსამართლეებთან გასაუბრებები ჩატარდეს ღია რეჟიმში. საბჭოს მარეგულირებელი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული სხდომის დახურვის პროცედურები, რაც საბჭოს თვითნებობის შესაძლებლობას აძლევს. ასევე, საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება დახურულ სხდომაზე, რაც უნდა შეიცვალოს და ამასთანავე, გასაუბრების ჩანაწერები ხელმისაწვდომი გახდეს დაინტერესებული პირებისათვის.
- მედიის მიერ საბჭოს ღია სხდომების სრულად გადაღების უფლება კანონმდებლობით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. საბჭო მხოლოდ სხდომის გახსნის ვიდეო-აუდიო ჩაწერას უშვებს და ზღუდავს სხდომების სრულად გაშუქებას შესაძლებლობას, რაც გაუმართლებელია;
- საბჭოს სხდომები ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით პირდაპირი ეთერით უნდა გაშუქდეს. ამჟამად სხდომა იწერება და შესაძლებელია ვიდეოს ჩამოტვირთვა, ამასთანავე სხდომის პირდაპირი ტრანსლირება ხდება მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში მოქმედი სპეციალური დახურული ქსელის (ინტრანეტის) მეშვეობით, რომლისადმი წვდომა მოსამართლეებს და საბჭოს არამოსამართლე წევრებს აქვთ. მიგვაჩნია, რომ საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, ამ უფლებით უნდა სარგებლობდნენ სხვა დაინტერესებული პირებიც;
- გაიმიჯნოს საბჭოს ადმინისტრაციული და კონსტიტუციური ფუნქციები. მაგალითისათვის გამიჯვნა შემდეგნაირად შეიძლება მოხდეს: მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა/გათავისუფლება განისაზღვროს „კონსტიტუციურ უფლებამოსილებად”, ხოლო საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცება - „ადმინისტრაციულ უფლებამოსილებად”. ფუნქციების გამიჯვნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, მათზე შესაბამისი სამართლებრივი ნორმების გავრცელების ვალდებულება დადგინდეს. ასევე განისაზღვროს, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი ფორმები;
- საბჭოს უნდა დაუდგინდეს გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება და ასევე გაიწეროს გასაჩივრების წესი. მოქმედი კანონი საბჭოს არ ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, რაც, პირველ რიგში, ნდობას უკარგავს საბჭოს საქმიანობას და ართულებს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას;
- დარეგულირდეს სხდომისათვის მოსამზადებელი სამუშაოების საკითხი. სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ვადაში უნდა მიაწოდოს საბჭოს მდივანმა ყველა წევრს იმ განცხადებების და პროექტების დოკუმენტები, რომელთა განხილვაც უახლოეს სხდომაზეა დაგეგმილი;
- დაინტერესებულ პირებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დღის წერიგით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე მომზადებული მასალები. ასევე დარეგულირდეს დღის წესრიგის შედგენის პროცედურები, განისაზღვროს მასზე პასუხისმგებელი პირი და საბჭოს წევრის უფლება გარკვეული ვადისა და პროცედურის დაცვით ან პირდაპირ საბჭოს სხდომაზე მოითხოვოს დღის წესრიგიდან ამა თუ იმ საკითხის ამოღება ან დამატება;
- დაიხვეწოს ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი ნორმები. მართალია, მოსამართლეთა დანიშვნის დროს ინტერესთა კონფლიქტის საკითხი კანონით დარეგულირდა, თუმცა, კვლავაც რეგულირების მიღმაა ინტერესთა კოფლიქტის საკითხი საბჭოს სხვა გადაწყვეტილებთან დაკავშირებით. საკითხის მოუწესრიგებლობა საბჭოს წევრებს აძლევს შესაძლებლობას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება პირად ინტერესს მოარგონ;
- საბჭოს გადაწყვეტილებები კონსოლიდირებული სახით უნდა ქვეყნდებოდეს, მათ შორის „საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. დღესდღეობით, იმისათვის, რომ დაინტერესებული პირი საბჭოს გადაწყვეტილების საბოლოო ვერსიას გაეცნოს, მან უნდა მოიძიოს გადაწყვეტილების პირველადი ვერსია და შემდეგ მასში შესული ყველა თანმდევი ცვლილება, რაც ართულებს მონაცემთა დამუშავებას;
- კანონმდებლობით დარეგულირდეს სხდომაზე დამსწრე პირების მიერ პოზიციების დაფიქსირების შესაძლებლობა, რათა გაიზარდოს საბჭოს საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობა. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შესაძლებლობა კანონით იყოს განსაზღვრული, ხოლო დაინტერესებული პირების მიერ პოზიციების დაფიქსირების წესი, შესაძლებელია, გაიწეროს საბჭოს მიერ დამტკიცებული რეგლამენტით.