კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ იცავს ყოფილი მოსამართლის, მაია ბაქრაძის, ინტერესებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ სასამართლო დავაში. სასამართლოში, კოალიცია, მაია ბაქრაძის სახელით, მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენას. კოალიცია მიიჩნევს, რომ მაია ბაქრაძის მიმართ განსხვავებული მოპყრობა ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარეობითა და სასამართლო სისტემისადმი კრიტიკული შეხედულებებით არის განპირობებული.
დღესდღეობით, სწორედ განსხვავებული აზრის ნაკლებობა და რეალური დისკუსიის არარსებობა წარმოადგენს, როგორც სასამართლოს, ისე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას. სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ერიდებიან სისტემაში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს, საზოგადოების მხრიდან გამოთქმული კრიტიკის გამო კი, ღიად აფიქსირებენ უკმაყოფილებას. მოსამართლეების მხრიდან განსხვავებული აზრის და კრიტიკის ღიად დაფიქსირება საბჭოს მწვავე რეაგირების საფუძველი ხდება, რისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითიც არის ყოფილი მოსამართლისთვის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმა სწორედ მისი კრიტიკული განწყობების და საქმიანობის გამო.
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარემ, მაია ბაქრაძემ, სამოსამართლო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო მოსამართლეთა შესარჩევ ორ კონკურსში, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ის აკმაყოფილებდა კანონმდებლობით მოსამართლეობისათვის დადგენილ ყველა კრიტერიუმს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით თანამდებობაზე ვერ დაინიშნა. მასთან, როგორც მოსამართლეობის კანდიდატთან, ჩატარებული გასაუბრებები ემსახურებოდა არა განსაზღვრული კრიტერიუმებით მის შეფასებას, არამედ საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების მიმართ კანდიდატის დამოკიდებულების გამჟღავნებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მართლმსაჯულებისთვის ამ საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლოს, „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება წარუდგინა საქართველოს სახალხო დამცველმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მაია ბაქრაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ დავის განხილვის სირთულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვისას ვერ უზრუნველყო პროცესის წარმართვა ობიექტურად და მიუკერძოებლად. სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოების სრულყოფილ გამოკვლევას და შეფასებას.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.