სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეხმიანება

2019-05-17 10:40
Featured image

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა (აიდაჰო). ეს დღე ადამიანის უფლებების ფართო შინაარსის იდეაზე დგას და ლგბტქი ადამიანების სტრუქტურული ჩაგვრისა და ცხოვრების ყველა სფეროდან სოციალური გარიყულობის აღიარებას მოითხოვს. თუმცა, აიდაჰო დღე ჩვენს რეალობაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლის დღედ მოინიშნა, რომელიც ლგბტქი ადამიანებისა და აქტივისტებისთვის, ფაქტობრივად, ჩამორთმეულ უფლებას წარმოადგენს.

ადამიანის უფლებების გაბატონებულ დღის წესრიგში, რომელიც დანაწევრებული და იერარქიულია, ლგბტქი ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევები სრულად არ არის წარმოდგენილი, უფრო მეტიც, ისინი მუდმივად ხდებიან პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების, დემონიზებისა და უგულებელყოფის მსხვერპლები.    

საქართველოში ლგბტქი ადამიანებისა და აქტივისტებისთვის ფუნდამენტური უფლებები, ხოლო უფრო ხილვადად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ჩამორთმეულ უფლებას წარმოადგენს. 2012 და 2013 წელს კლერიკალური და რადიკალური ჯგუფების მიერ აიდაჰო შეკრების ძალადობრივი დარბევის შემდეგ, ლგბტქი ადამიანები და აქტივისტები ვერ ახერხებენ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სრულყოფილ სარგებლობას. 2014 წლის შემდეგ ქალაქის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი სივრცეები 17 მაისს კლერიკალურ ჯგუფებს აქვთ დაკავებული, სადაც ისინი აიდაჰო დღის საწინააღმდეგოდ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ. ამასთან, წლების განმავლობაში 17 მაისის პერიოდში იზრდება ჰომო/ტრანსფობიური თავდასხმებიც ლგბტქი თემის წინააღმდეგ, რომელიც წელსაც წარმოშობს ძალადობის ესკალაციისა და თავდასხმის სერიოზულ რისკებს.

თემის წევრების სტრუქტურული ჩაგვრის პირობებში, შეუძლებელი ხდება არამხოლოდ შეკრების თავისუფლებით სარგებლობა, არამედ საჯარო თვითრეპრეზენტაციაც, რაც თემს საკუთარი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ პროტესტის გამოხატვისა და საჯარო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის საშუალებას ართმევს. ამასთან, საჯარო სივრცეებიდან კონკრეტული ჯგუფების გარიყვა აზიანებს დემოკრატიული, პლურალური პოლიტიკური გარემოსა და სამართლიანი საზოგადოების განვითარების პროცესს. მიუხედავად აღნიშნულისა, სამწუხაროდ, სახელმწიფო ხშირად არ აღიარებს ლგბტქი ადამიანების მიმართ ძალადობისა და უფლებების სისტემური დარღვევის პრაქტიკას, რაც არსებული ჰომოფობიური პოლიტიკური და სოციალური გარემოს გარდაქმნას ართულებს. მეტიც, არაეფექტიანი პოლიტიკით სახელმწიფო ირიბად ხელს უწყობს ძალადობისა და დისკრიმინაციის წახალისებას.

აღნიშნულს თან ერთვის მედიაში ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენის გამოყენება და ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებული საკითხების არაეთიკური გაშუქების პრაქტიკა. ტრანსლირებული სიუჟეტები, რომელთა გადაცემაც უგულებელყოფს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, ხშირ შემთხვევაში, ხელს უწყობს ლგბტქი ადამიანების მარგინალიზებას და იწვევს ჯგუფის წევრების პირადი ცხოვრების უფლებაში შეუსაბამო ჩარევას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლიანი მედიის როლი არსებითად დიდია  საჯარო, სასულიერო თუ პოლიტიკური პირების/რესპოდენტების მხრიდან დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებზე ადეკვატური რეაგირების კუთხით, რათა მედიით გაჟღერებული გამონათქვამები არ გახდეს საზოგადოებაში არსებული სტიგმის გაძლიერების წყარო.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში სახელმწიფომ დისკრიმინაციის აკრძალვისა და დანაშაულის აღმოფხვრისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ღონისძიებები შეიმუშავა - ამოქმედდა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და მოხდა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის პროცესის ინსტიტუციონალიზება, მაგრამ იმის გამო, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა არ პასუხობს ჰომო/ტრანსფობიის სისტემურ მიზეზებს და განათლების, სოციალური დაცვის, თანასწორობის, ჯანდაცვის პოლიტიკაში არსებული გამოწვევები კვლავ უცვლელი რჩება, ლგბტქი ადამიანების ყოველდღიურობა არსებითად არ იცვლება. შედეგად, ლგბტქი თემი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ჯგუფად ყალიბდება.

2018 წლის 17 მაისისადმი მიძღვნილ კოლექტიურ განცხადებაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუციებმა (CoE, UN Independent Experts/Special Raporteurs, SPT, IACHR, ACHPR) მოუწოდეს სახელმწიფოებს ლგბტქი ადამიანთა დისკრიმინაციის დაგმობისა და მათი საზოგადოებაში ინკლუზიის უზრუნველყოფისკენ, „სახელმწიფოები ვალდებულები არიან მიიღონ ეფექტური ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ არავის მიატოვებენ უფლებებისთვის ბრძოლაში, ეფექტური ღონისძიებები უნდა იქნას მიღებული, რათა აღმოიფხვრას ის სისტემური ბარიერები, რომლებიც ლგბტ ჯგუფის გარიყვას/გამორიცხვას განაპირობებს...“

კოალიცია თანასწორობისთვისმოუწოდებს სახელმწიფოს, სიღრმისეულად გაიაზროს მისი როლი საზოგადოების ყველა წევრის ღირსების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დაცვაში. სახელმწიფო ვალდებულია შექმნას რეალური პირობები უფლებებით სარგებლობისთვის, რაც დანაშაულების გამოძიებისა და აღკვეთის პოლიტიკასთან ერთად, გულისხმობს გრძელვადიან სტრუქტურულ ცვლილებებს, მათ შორის, ჯანდაცვის სისტემის სამართლიანობისა და სენსიტიურობის, განათლების სისტემის ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის, ძალადობის პრევენციის პოლიტიკის სისტემურობის მიღწევას. აღნიშნული მიმართულებებით სისტემური და ტრანსფორმაციული პოლიტიკის გარეშე არსებული სოციალური და პოლიტიკური გარემოს გარდაქმნა შეუძლებელია. სხვა შემთხვევაში, მუდმივად მოგვიწევს ძალადობის, დაპირისპირების და გაუცხოების მდგომარეობაში ცხოვრება.  

 

შესაბამისად, „კოალიცია თანასწორობისთვისმოუწოდებს:

- საქართველოს მთავრობას - გაავრცელოს თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერი საჯარო განცხადება, რომელიც დაგმობს ლგბტქი ჯგუფის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და ამ გზით ხელს შეუწყობს შესაძლო დანაშაულების პრევენციასა და დაუსჯელობის გარემოს აღმოფხვრას;

- საქართველოს პარლამენტის წევრებს - თავი შეიკავონ ჰომო/ბი/ტრანსფობიური ენის გამოყენებისგან და დაგმონ ლგბტქი ადამიანების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის პრაქტიკები;

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - აიდაჰო დღემდე და შემდგომ პერიოდში მოახდინოს ძალადობის წახალისების/მოწოდების ნებისმიერი ფაქტის მონიტორინგი, სათანადოდ შეაფასოს ჰომო/ბი/ტრასფობიური დანაშაულების შესაძლო ესკალაციის რისკები და მოახდინოს შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ეფექტიანი პრევენცია;

- მედია - თავი შეიკავონ ლგბტქი ადამიანების მიმართ სტიგმის გაძლიერების წახალისებისგან, აღნიშნულისთვის, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედიამ ხელი შეუწყოს ჟურნალისტებისთვის ეთიკის კოდექსებისა და ანტისიკრიმინაციული მიდგომების შესახებ ცნობიერებისა და სენსიტიურობის გაზრდას.

 

  • ღია საზოგადოების ფონდი;

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);

  • კავშირი საფარი;

  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);

  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI).