კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის კიდევ ერთხელ ეხმიანება საქართველოს პარლამენტში შალვა შავგულიძის მიერ ინიცირებული „საერთო სასამართლოების შესახებ “საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ პროექტის განხილვის პროცესს. როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით მეორე მოსმენით განიხილავს აღნიშნულ კანონპროექტს. აგრეთვე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს დააფიქსირა თავისი პოზიცია კანონპროექტის შესახებ და შესთავაზა პარლამენტს კანონპროექტის განხილვის დროებითი შეჩერება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ჩავთვალეთ საჭიროდ ჩვენი პოზიციის დაფიქსირება.
2013 წლის 28 სექტემბერს კოალიციამ უკვე გაავრცელა
განცხადება, რომლითაც ნეგატიურად იქნა შეფასებული კანონპროექტით განსაზღვრული მოსამართლეთა 3 წლიანი ვადით დანიშვნა და გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების საქმიანობის ყოველწლიურად მონიტორინგის შესაძლობლობა. კოალიციის წევრებთან შეხვედრაზე კანონპროექტის ავტორებმა წარმოადგინეს გარკვეული არგუმენტები მისი დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა ვფიქრობთ, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა დროის ამ მცირე მონაკვეთში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის გარეშე მიზანშეწონილი არ არის და სახიფათო შეიძლება იყოს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი განვითარებისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასამართლო ხელისუფლებას ასევე აქვს მომზადებული ცვლილებების ალტერნატიული პროექტი მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მოქმედი მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას გულისხმობს. აღნიშნული მექანიზმიც ასევე ხარვეზიანად უნდა იქნეს მიჩნეული.
ამის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და საქართველოს პარლამენტს უახლოეს პერიოდში გამართონ ერთობლივი კონსულტაციები, სადაც განიხილება და გადაწყდება მოსამართლეთა დანიშვნის წესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. აუცილებელია მხარეებმა ერთის მხრივ უზრუნველყონ პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა მხარეთა მაქსიმალური ჩართულობით, ხოლო მეორეს მხრივ ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მართებულად განვითარებას შეუწყობს ხელს. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მზად არის საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ კონსულტაციებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.
ასევე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონპროექტით განსაზღვრული უმნიშვნელოვანესი საკითხებისა და პროცესის დაუსაბუთებლად მოკლე ვადებში წარმართვის გამო, საქართველოს პარლამენტმა მიზანშეწონილია შეაჩეროს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და ყველა დაინტერესებულ პირს (უპირველესად, სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას) მისცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო ინიციატივების დახვეწის პროცესში.