კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის საჭიროდ მიიჩნევს, გამოეხმაუროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მოტივირებული შენიშვნებით კანონპროექტის საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის დაბრუნებას.
პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტების ავტორებისა და პარლამენტის წევრთა ნაწილის ნაჩქარევი და მოუმზადებელი გადაწყვეტილებების გამო, არსებითი საფრთხის წინაშე დგას კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტიანი ფუნქციონირება ქვეყანაში, რაც ასევე დაადასტურა ვენეციის კომისიის წინასწარმა მოსაზრებებმა.
სამწუხაროდ, პრეზიდენტის მიერ გამოქვეყენებული მოტივირებული შენიშვნები, მხოლოდ ნაწილობრივ და არასრულყოფილად ასახავს საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულ პრობლემურ საკითხებს, მათ შორის, ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, მაგალითად, შენიშვნებში არ მოხვდა ისეთი კრიტიკული საკითხი როგორიც არის ნორმის მოქმედების შეჩერება მხოლოდ სასამართლოს პლენუმის მიერ.
ამასთან, მიუხედავად ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ვენეციის კომისიის თანმხვედრი და ერთგვაროვანი კრიტიკისა პრეზიდენტის წარდგენილი ალტერნატიული კანონპროექტი შინაარსობრივად კვლავ ინარჩუნებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის უფლებამოსილების შეზღუდვის, ისე პლენუმის გაზრდილი კვორუმისა და გადაწყვეტილების კვალიფიციური უმრავლესობით მიღების წესებს.
იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაუკმაყოფილებლობა პოლიტიკური ხელისუფლების შტოებისთვის ყველაზე სასურველი შედეგია, ამ შედეგის სასამართლოს უმცირესობის მეშვეობით მიღწევის შესაძლებლობა ახალისებს სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებას. საბოლოოდ, კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება, არამხოლოდ სასამართლოს არაეფექტურობას იწვევს, არამედ ხელისუფლების პოლიტიკურ შტოებს უბიძგებს, სასურველი შედეგის მისაღებად, სასამართლოს უმცირესობაზე კონტროლი დააწესონ, რაც თავად სასამართლოს დამოუკიდებლობას საფუძველს ურყევს.
არსებული მდგომარეობით, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, კანონპროექტში პრობლემურად რჩება:
პლენუმის კვორუმი - შენიშვნებში მითითებულია, რომ პლენუმის კვორუმი უნდა შეიცვალოს. თუმცა, მოქმედი წესისგან განსხვავებით, გადაწყვეტილების მისაღებად, საჭირო იქნება არა სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, არამედ პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს 1 მოსამართლით ზრდის.
შენარჩუნდება ცვლილებებით გათვალისწინებული მაღალი კვორუმი (სხდომას უნდა ესწრებოდეს არანაკლებ 7 მოსამართლე, ხოლო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მინიმუმ 6 წევრმა ანუ 2/3-მა) რიგ შემთხვევებში, მათ შორის, როდესაც დავა ეხება ორგანული კანონის კონსტიტუციურობის საკითხს.
მიგვაჩნია, რომ ორგანული კანონის კონსტიტუციურობის განხილვა მაღალი კვორუმით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ვინაიდან ეფექტურობას უკარგავს კონსტიტუციურ კონტროლს. ამ დანაწესის პრობლემურობა ვენეციის კომისიის დასკვნაშიცაა აღნიშნული, რომლის თანახმადაც, ,,პლემუნის მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო მინიმუმ ექვსი ხმის მოთხოვნა უნდა შემცირდეს.’’ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაღალი კვორუმი და კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების წესი ვენეციის კომისიის მოსაზრებითაც თანაბრად პრობლემურია ყველა შემთხვევაში, მიუხედავად გასაჩივრებული ნორმატიული აქტის ადგილისა ნორმატიულ იერარქიაში.
პლენუმისთვის საქმის გადაცემა - საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის ნებისმიერ წევრს შესაძლებლობა ექნება, საქმის განხილვის და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე, მოითხოვოს საქმის გადაცემა პლენუმისთვის.
ვენეციის კომისიის შეფასებით, ერთი მოსამართლისთვის ამგვარი უფლებამოსილების მინიჭების მიზანი გაუგებარია და გონივრული იქნება ეს უფლებამოსილება ქონდეს საქმის განმხილველი კოლეგიის უმრავლესობას.
ამასთანავე, პლენუმს უარის სათქმელად, 5 მოსამართლის ხმა სჭირდება, რაც უკვე წარმოადგენს განსაკუთრებულ პროცედურულ დაბრკოლებას და ხელს უშლის სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებას.
ეს მექანიზმი კოლეგიის უმცირესობაში მყოფი წევრისთვის შესაძლებლობას ქმნის, საქმის პლენუმზე გადაცემის გზით, თავიდან აირიდოს სარჩელის დაკმაყოფილების შედეგი (პლენუმის მიერ გადაწყვეტილების კვალიფიციური უმრავლესობით მიღების წესის გათვალისწინებით). ინდივიდუალური მოსამართლისთვის მსგავსი ძალაუფლების მიცემა ახალისებს პოლიტიკურ ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს ინდივიდუალურ წევრებზე ზეწოლისკენ, რამდენადაც კოლეგიის მხოლოდ ერთი წევრის მოქმედებით, შესაძლებელი ხდება, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების გაჭიანურება.
ნორმის შეჩერება - პრეზიდენტის შენიშვნების მიხედვითაც კი, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება კვლავ პლენუმის კომპეტენციაში რჩება, თუმცა 6 მოსამართლიდან 5 მოსამართლემდე მცირდება იმ ხმების ოდენობა, რაც ნორმის შეჩერებისთვის არის საჭირო.
თავის მხრივ, ვენეციის კომისია მიუთითებს: „ლოგიკას მოკლებულია, რომ შუალედური გადაწყვეტილება, რომელიც თავისი ბუნებით საჭიროებს დროულ რეაგირებას მიღებულ უნდა იქნეს გაცილებით გართულებული პროცედურით, რაც გულისხმობს კოლეგიის მიერ პლენუმისათვის საქმის გადაცემას და შემდგომ ისევ გადმოცემას საბოლოო გადაწყვეტილებისათვის“. ასევე გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს ნორმის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობა სასამართლოს იმ შემადგენლობას, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს თავად ამ ნორმის არაკონსტიტუციურობის საკითხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ ვეტოში გამოთქმული შენიშვნების ასახვის შემთხვევაშიც კი, ნარჩუნდება მთელი რიგი პრობლემური საკითხები, რაც არსებითად აზიანებს კონსტიტუციური წესრიგის განმტკიცებას და საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას. სამწუხაროა, რომ ადგილობრივი ორგანიზაციების, ექსპერტების, ვენეციის კომისიის დასკვნების მიუხედავად, პოლიტიკურმა სუბიექტებმა ვერ უზრუნველყვეს აღნიშნული რისკების განეიტრალება.
აქედან გამომდინარე, კანონის ამ ფორმით ძალაში შესვლის შემთხვევაში, კოალიცია გეგმავს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა თავად სასამართლომ შეაფასოს შეესაბამება თუ არა ახალი რეგულაციები ადამიანის უფლებებს და კონსტიტუციით განმტკიცებულ პრინციპებს.