სამოქალაქო საზოგადოებასთან რამდენიმე კვირიანი კონსულტაციების შემდგომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებაზე უარი განაცხადა და მიზეზად კონსენსუსის არარსებობა დაასახელა. კოალიცია მკვეთრად უარყოფითად აფასებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ შეასრულოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება და ამის ნაცვლად, პასუხისმგებლობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს დააკისროს. სამწუხაროდ, პრეზიდენტის მიერ ამ დრომდე არ იქნა უზრუნველყოფილი ფორმატი, რომელიც განსაზღვრავდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ფორმებს კანდიდატის შერჩევის პროცესში, რის გარეშეც პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს საფუძვლიანად.
მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგინების უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, რომელიც ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე შევა ძალაში, კანდიდატის წარდგინების უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება. ამასთანავე, ახალი წესით წარდგენილი და არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად აღარ იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ხელში ძალთა კონცენტრაციისა და სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტილობის რისკებს.
მოუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, დროულად და ეფექტიანად განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება და უზრუნველყოს ისეთი კანდიდატის დასახელება, რომელსაც ფართო საზოგადოების მხარდაჭერა ექნება. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში და მხარი დაუჭიროს წარდგინების პროცესს.
ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უახლოეს სესიაზე უზრუნველყოს წარდგენილი კანდიდატის განხილვა და მისი არჩევა.