საქართველოს პარლამენტში განიხილება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს ამ საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების[1] აღსრულებას. ცვლილებები მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, სასამართლო სისტემის კომპეტენტური და კეთილსინდისიერი მოსამართლეებით დაკომპლექტების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, ვინაიდან კანონით უნდა განისაზღვროს იმ მოსამართლეთა წრე, რომლებიც განთავისუფლებულნი იქნებიან გამოსაცდელი ვადის გავლისაგან და დადგინდეს მათი უვადოდ დანიშვნის წესი. მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების არასრულყოფილი წესები და ბუნდოვანი კანონმდებლობა, ასევე მოსამართლეთა დანიშვნა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უკვე წლებია აზიანებს მოსამართლეთა დამოუკიდებლობას და სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას, ასევე გზას უხსნის საბჭოს თვითნებურ მოქმედებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით აუცილებელი იყო, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე საზოგადოების ჩართულობა კანონპროექტის მომზადების ეტაპიდანვე ყოფილიყო უზრუნველყოფილი. სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მომზადდა დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის გარეშე. ამასთან, ვინაიდან პარლამენტმა 2017 წლის 1 ივლისამდე უნდა მოასწროს აღნიშნული ცვლილებების განხორციელება, პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. გასათვალისწინებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2017 წლის 15 თებერვალს, კანონპროექტი ინიცირებულია 29 მაისს, ხოლო 30 მაისს უკვე დაიწყო მისი განხილვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში. 1 ივნისს კანონპროექტი მიღებულ იქნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით. შესაბამისად, კანონპროექტის ავტორებს ჰქონდათ 3 თვეზე მეტი რათა უზრუნველეყოთ საზოგადოების ჩართულობა მისი მომზადების პროცესში, თუმცა ეს გაუგებარი მიზეზების გამო არ მოხდა.
კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების ქაოსური და არასისტემური განხორციელება მნიშვნელოვნად ართულებს კანონის სტრუქტურას და მისი ანალიზის შესაძლებლობას, რაც კანონის უშუალოდ გამოყენების მომენტში გარდაუვლად შექმნის მისი განსხვავებული წაკითხვის საფუძველს და დააზიანებს პროცესს.
სამწუხაროდ, კანონპროექტი კვლავ არ ადგენს ნათლად და არაორაზროვნად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულებას დაასაბუთოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს ყოფილი და მოქმედი მოსამართლეების დანიშვნის დროს და კვლავ უტოვებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თვითნებობის ფართო შესაძლებლობას.
გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს არაერთ პრობლემურ და ბუნდოვან ჩანაწერს. მათ შორის:
- პროექტით შემოთავაზებულია საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ფარული კენჭისყრით. სრულიად გაუმართლებელია ფარული კენჭისყრის შემოტანა კანონით, იმ პირობებში როცა ბოლო წლებია საბჭოს საქმიანობაზე დაკვირვების შედეგად სამოქალაქო საზოგადოება ეწინააღმდეგება მოსამართლეთა დანიშვნას ფარული კენჭისყრის საფუძველზე, რაც საბჭოს თვითნებური მოქმედების კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობას აძლევს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიცია აღნიშნულზე ცნობილია - ფარული კენჭისყრის პირობებში საბჭოს წევრები გამორიცხავენ მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების შესაძლებლობას. ამასთან, ისეთ პირობებში, როცა ორგანული კანონით შემოღებულია მოსამართლეთა შერჩევის ქულათა სისტემა, შეფასების კრიტერიუმები და პროცედურა, ამ პროცედურასთან წინააღმდეგობაში მოდის ფარული კენჭისყრის შენარჩუნება. გარდა ამისა, მოქმედი კანონით, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შემთხვევაში გათვალისწინებულია ღია კენჭისყრის პროცედურა, ხოლო ფარული კენჭისყრის შემოღებით გაუარესდება არსებული სტანდარტი.
- პროექტი განსხვავებულ წესს ადგენს ერთი მხრივ, პირველი და სააპელაციო ინსტანციის ყოფილი და მოქმედი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნისთვის, და მეორე მხრივ, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი და მოქმედი მოსამართლეების დანიშვნისთვის.
- კანონპროექტი და არც განმარტებითი ბარათი არ შეიცავს ინფორმაციას მოსამართლეების ამ ორი ჯგუფის განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენების მიზეზის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამოსამართლო გამოცდილების მქონე პირების დანიშვნა გამოსაცდელი ვადით იმიტომ არის დაუშვებელი, რომ ამ პირების შემთხვევაში არსებობს ინფორმაცია და მასალა, რომელზე დაყრდნობითაც შეუძლია საბჭოს შეაფასოს მათი შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან. ამ თვალსაზრისით პირველი, სააპელაციო, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების ყოფილი და მოქმედი მოსამართლეების მდგომარეობა არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. თუ კანონმდებელი აპირებს განსხვავებულად მოაწესრიგოს ამ ორი ჯგუფის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი, აღნიშნული სათანადოდ უნდა იქნას დასაბუთებული და კანონის არაორაზროვანი დებულებებით გაწერილი.
- არ არის დაკონკრეტებული საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი და მოქმედი მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნის რა წესს გვთავაზობს კანონპროექტი, მაშინ როცა, პირველი და სააპელაციო ინსტანციის ყოფილი და მოქმედი მოსამართლეების დანიშვნისთვის პროექტი აკეთებს პირდაპირ მითითებას შესაბამის შეფასების წესზე. აღნიშნულიდან გამომდინარე კანონპროექტი ღიად ტოვებს საკითხს იმის თაობაზე, თუ რა კრიტერიუმებით და პროცედურით უნდა იხელმძღვანელოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი და მოქმედი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას.
- კანონპროექტი მხოლოდ ზოგადად აწესრიგებს საკითხს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეფასდნენ მოსამართლეობის კანდიდატები, რომელთაც აქვთ მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია მათი წარსული გამოცდილების შესწავლა. კანონით ნათლად და არაორაზროვნად უნდა დადგინდეს თუ რა შემთხვევები მიიჩნევა ასეთად. აღნიშნული საკითხის მხოლოდ ზოგადად მოწესრიგება არასათანადოდ ფართო დისკრეციას უტოვებს საბჭოს, რაც შესაძლოა მომავალში მოსამართლეების არაობიექტურად დანიშვნის წინაპირობა გახდეს.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზე უზრუნველყოს საზოგადოების ეფექტური ჩართულობა და გაითვალისწინოს წარმოდგენილი შენიშვნები.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.