24 მარტს მოსამართლეთა XXXII კონფერენცია ჩაინიშნა. დღის წესრიგის თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად კონფერენცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მდივნის არჩევასა და „სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე“ იმსჯელებს.
მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება მართლმსაჯულების სისტემური რეფორმების თაობაზე ევროკომისიის დათქმის დისკრედიტაციის მცდელობის ფონზე. სასამართლოს სისტემის გაჯანსაღება ევროკავშირის ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნაა და შესაბამისად, ამ კონფერენციის თითოეულ ასპექტს დააკვირდება არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია. შესაბამისად, კონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებს მნიშვენლოვანი გავლენა ექნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვისაც.
მოსამართლეთა კონფერენციებზე დაკვირვების წინარე გამოცდილებამ აჩვენა, რომ სასამართლო თვითმმართველობის ეს უმნიშვნელოვანესი ფორმატი, ძირითადად, პოლიტიკური მხარდაჭერის მქონე მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის, გასაძლიერებლად გამოიყენებოდა. კონფერენციის დღის წესრიგიდან გამომდინარე და მითითებული გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კლანი კვლავ შეეცდება მართლმსაჯულების ადმინისტრირების წამყვან თანამდებობაზე მისდამი ნდობით აღჭურვილი პირები აირჩიოს. ამის საფუძველზე კი, მოსამართლეთა მოჩვენებითი ერთიანობით მოხდება განსხვავებული აზრის მქონე პირთა, მათ შორის, იმ მოსამართლეების დისკრედიტაცია, რომლებიც მზაობას გამოხატავენ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნებისთვის, გადამოწმდეს მათი კეთილსინდისიერება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება კონფერენციაზე მოსამართლეთა მიერ სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის თუ პარტიული ინტერესებისგან დაცლილი ჯანსაღი პოზიციების დაფიქსირებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა გაუმკლავდება პოლიტიკურ, პროფესიულ თუ პირად თავდასხმებს და 2024 წლის 24 მარტს გასამართ კონფერენციაზე გავლენიანი ჯგუფის მიერ მართლმსაჯულების ინტერესების და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელი მიმართვის წარდგენის შემთხვევაში, მხარს არ დაუჭერენ მას.