მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ათეულობით თანამშრომელს მიუვიდა შეთავაზება, რომლის თანახმადაც ან უნდა მოხდეს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა ან შეწყდეს შრომითი ურთიერთობა მათთან. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეთავაზება არის დაუსაბუთებელი და შესაძლოა მიზნად ისახავდეს ათეულობით ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენები არაერთ კითხვას აჩენს, რომელსაც პასუხი არც გავრცელებული განცხადებით გაეცა.
შესაბამისად, კოალიციას მედიის ადვოკატირებისათვის აუცილებელად მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
- ვინ მიიღო გადაწყვეტილება? შეთავაზებაში მითითებულია, რომ „ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით“ ცალკეული პოზიციებისთვის განისაზღვრა საათობრივი დასაქმების სამუშაო რეჟიმი. აღსანიშნავია, რომ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იღებს. ამიტომ აუცილებელია მიეთითოს თუ ვის მიერ და რა უფლებამოსილების ფარგლებში იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება;
- როგორ მოხდა იმ პირების შერჩევა, ვისაც მიუვიდა შეთავაზება? ფაქტია, რომ ცალკეულ პოზიციებზე დასაქმებული პირებიდან მხოლოდ ზოგიერთ მათგანთან მივიდა შეთავაზება. ამიტომ მენეჯმენტმა უნდა განმარტოს რის მიხედვით შეირჩნენ ეს პირები. გაუგებარია, თუ კონკრეტული პოზიციებისთვის განისაზღვრა საათობრივი დასაქმების სამუშაო რეჟიმი, ერთ პოზიციაზე დასაქმებულ ყველა პირს რატომ არ შესთავაზეს ერთნაირი სამუშაო პირობები;
- რატომ უნდა გადავიდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი საათობრივი დასაქმების სამუშაო რეჟიმზე ახლა და რატომ მხოლოდ ზოგიერთ პოზიციებზე დასაქმებულ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში? ამ დრომდე საზოგადობისათვის უცნობია თუ რა პრინციპით და რის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, საზოგადოებრივ მაუწყებელში, ზოგიერთ პოზიციაზე საათობრივი დასაქმების რეჟიმზე გადასვლის შესახებ. საზოგადოებრივ მაუწყებლის მიერ განცხადებაში მინიშნება თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვაზე არ სცემს პასუხს ამ კითხვებს. სავარაუდოდ, აღნიშნულის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობს არც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, რომლის პასიურობაც დამატებით კითხვებს აჩენს დაწყებული პროცესების ფონზე;
- რატომ და როგორ იღებდა საზოგადოებრივი მაუწყებელი 2017-2018 წლებში ათეულობით ახალ თანამშრომლებს ამავე პოზიციებზე და ძველი პირობებით თუ საათობრივი დასაქმების სამუშაო რეჟიმზე აპირებდა გადასვლას? ამ კითხვაზე პასუხი მითუმეტეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ დრომდე არ გააჩნია სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოების განმსაზღვრელი წესი. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი არ არის შებოჭილი მარეგულირებელი წესებით და შეუძლია მსგავს საკითხებზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოვუწოდებთ:
- საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს თავი შეიკავოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებისგან. საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა შესაბამის რგოლთან ერთად შეიმუშაოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი გახდება თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასება და შემდგომში იქნება მიღებული ასეთი მაშტაბური გათავისუფლებების გადაწყვეტილება, თუ ამის საჭიროება დგას საზოგადოებრივ მაუწყებელში. კადრების ოპტიმიზაციის საჭიროებაზე დიდი ხანია საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება, თუმცა აუცილებელია რომ ეს პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, სამართლიანად და იყოს კარგად დასაბუთებული;
- სამეურვეო საბჭოს დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით. მოსთხოვოს გენერალურ დირექტორს საკადრო პოლიტიკაზე ხედვის წარდგენა და დაამტკიცოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგი და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო, რასაც ითვალისწინებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს პარლამენტს დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ვითარებით და იმ ფაქტით, თუ რატომ არ ასრულებს სამეურვეო საბჭო მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს.