2019 წლის 20 მაისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენებისას, ჩვენი ინფორმაციით, 12 ჟურნალისტია დაშავებული. მიგვაჩნია, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ემუხლით გათალისწინებულ დანაშაულს.
კონფლიქტურ და დაძაბულ სიტუაციებში ჟურნალისტთა დაცვის შესახებ ევროსაბჭოს R(96) 4 რეკომენდაცია პირდაპირ უთითებს, რომ ,,ჟურნალისტური საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელება პატივისცემით უნდა სარგებლობდეს კონფლიქტურ და დაძაბულ სიტუაციებში, რამდენადაც ამგვარ სიტუაციებში საზოგადოებრივი საქმეების თაობაზე ინფორმირებულობა და საჯარო ხელისუფლების ორგანოთა და სხვა მხარეების საქმიანობის შეფასების უფლება ცალკეული პირებისათვის, ისევე როგორც ზოგადად მთელი საზოგადოებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს".
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მიიჩნევს, რომ:
1. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით დამნაშავე პირების გამოსავლენად;
2. სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ჟურნალისტებისათვის იმ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც მათ მიდგათ პოლიციელების მიერ მათი დაზიანების შედეგად.