არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ეროვნული მაუწყებლის ტელეკომპანია ,,იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეჩერება გამოხატავს ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას, რაც პირველ რიგში აზიანებს საზოგადოებას, მისი ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფას.
"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები ამ დრომდეც მოვუწოდებდით მთავრობას და დამფუძნებლებს, რომ მათ შორის წარმოქმნილ დავაში არ მომხდარიყო ჟურნალისტთა გამოყენება და ,,იბერიის“ თანამშრომლების უფლებების შელახვა, რომლებიც წლის განმავლობაში უკვე მესამედ აცხადებენ, რომ არ იციან შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას.
სამწუხაროდ, მიუხედავად მოთხოვნისა და აუცილებლობისა - ეფექტურად, ოპერატიულად და გამჭვირვალედ წარმართულიყო ტელეკომპანია ,,იბერიას“ დამფუძნებლებთან დაკავშირებული დავებისა და ჩანაწერების გამოძიება, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მაინც ვერ მოხერხდა ტელეკომპანიის ფუნქციონირების დაზღვევა შექმნილი და მოსალოდნელი პრობლემებისგან.
მოვუწოდებთ მხარეებს პატივი სცენ საზოგადოების ინტერესს და დაცული იქნას ჟურნალისტთა უფლებები. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას.