სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის განცხადება ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ

2014-06-13 20:08
Featured image

სოციალურ ქსელში Facebook შექმნილია გვერდი, რომელზეც გამოქვეყნებულია ჟურნალისტების ფოტოები და ვიდეოები დამონტაჟებული სახით და განთავსებულია ღირსების შემლახავი კომენტარები. როგორც გვერდის საერთო შინაარსიდან ირკვევა, გვერდის შექმნა მიზნად ისახავს საზოგადოებას ჩამოუყალიბოს გარკვეული წარმოდგენა ჟურნალისტების, მათ შორის ტელეარხი 25-ის ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის პირადი ცხოვრების შესახებ.    

ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, რომ ის 2014 წლის 10 ივნისს არის შექმნილი, მას შემდეგ რაც 2014 წლის 8 ივნისს ტელეარხი 25-მა გაავრცელა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მედეა ვასაძის სატელეფონო საუბარი ტელეარხის ჟურნალისტ ჯაბა ანანიძესთან. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, მედეა ვასაძე ზეწოლას ახდენს ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეზე ტელეარხი 25-ის ეთერში გასული ფილმის გამო, ემუქრება მას და ესაუბრება ჟურნალისტის პირადი ცხოვრების შემცველ საკითხებზე. აღნიშნულ ფაქტს ფართო გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში და არაერთმა საზოგადოებრივმა თუ მედია ორგანიზაციამ მოითხოვა მისი გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა.
 
იმის გათვალისწინებით, რომ Facebook გვერდის შექმნა მალევე მოჰყვა ჯაბა ანანიძეზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტს და ამ ფაქტის გახმაურებას, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჟურნალისტების პირადი ცხოვრების შესახებ სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანია სწორედ ზემოაღნიშნულ შემთხვევასთან არის კავშირში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი დანაშაულად აცხადებს ადამიანის დევნას პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
 
უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მედეა ვასაძე უმაღლესმა საბჭომ დააყენა არჩევანის წინაშე, ან ბოდიში მოიხადოს ან გადადგეს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან. დადებითად უნდა შეფასდეს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მცდელობა რეაგირება მოახდინოს მომხდარ ფაქტზე, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს რეაგირება არ შეესაბამება კანონს და არის აბსოლუტურად არასაკმარისი მედიის თავისუფლების უხეში ხელყოფის ფაქტზე საპასუხოდ. 
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს უმაღლესმა საბჭომ, თუ ამას სათანადო წერილობითი დადასტურებით მოითხოვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბიურო, უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი.
 
ამავე რეგლამენტის მე-6 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა საბჭოს წევრების უფლებამოსილების ცნობა და ვადამდე შეწყვეტა
.  
ამასთანავე, ბოდიშის მოხდას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და შესაბამისად, ჟურნალისტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაზე რეაგირების ფორმად ვერ გამოდგება.
 
გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ კრიტიკული მასალის მომზადების გამო ჟურნალისტზე ზეწოლა, მისი შეურაცხყოფა თუ სხვა მსგავსი ქმედება წარმოადგენს მედიის თავისუფლების უხეშ ხელყოფას, ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს არასასურველი ჟურნალისტიკის „გაჩუმებას“ და საფრთხეს უქმნის ზოგადად მედიის თავისუფლებას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მედიაზე ზეწოლის ცალკეულ შემთხვევებზე სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური და დროული რეაგირება. 
მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას გამოიკვლიოს სოციალურ ქსელ facebook-ში ჟურნალისტების წინააღმდეგ გვერდის შექმნა ხომ არ არის კავშირში მედეა ვასაძის მიერ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეზე განხორციელებულ ზეწოლასთან, ხომ არ წარმოადგენს ამ ზეწოლის გაგრძელებას და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154 (ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა) და 156 მუხლებით (დევნა) გათვალისწინებულ დანაშაულებს. 
მოვუწოდებთ აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს გამოიყენოს მის ხელთ არსებული კანონიერი მექანიზმები და დროული და რეალური რეაგირება მოახდინოს მედეა ვასაძის მიერ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე, ნუ დაელოდება თავად ზეწოლის განმახორციელებლის მიერ საკუთარი თავის პასუხისგებაში მიცემას. მედეა ვასაძის ქმედებით დასტურდება, რომ ის ვერ დაიცავს ადამიანის უფლებებს და ამიტომ ყოვლად დაუშვებელია მას ეკავოს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა. რაც შეეხება აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრობას - დემოკრატიულ მართვას ვერ უზრუნველყოფს მაღალი თანამდებობის პირი, საკანონმდებლო ორგანოს წევრი, რომელიც თავად უხეშად არღვევს დემოკრატიული მართვის უმთავრეს პრინციპებს.   
 
 
კოალიციის წევრი ორგანიზაციები:
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB)
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
არასამთავრობო ორგანიზაცია  „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
მედიაკლუბი
რეგიონულ ტელევიზიათა ქსელი
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია