სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ განცხადება GNCC-თან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი კონკურსის შესახებ

2014-02-03 04:40
Featured image

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის თვლის, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი კონკურსი გაუმჭვირვალედ წარიმართა.”

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი დამცველი შეირჩევა ღია კონკურსით. მუხედავად ამისა, საზოგადოებრივი დამცველის ვაკანტურ პოზიციაზე ჩატარებული კონკურსი დასრულდა ისე, რომ არ გამხდარა ცნობილი არც საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და არც კანდიდატების მონაცემები. ჩატარებული კონკურსის შესახებ ინფორმაცია დღემდე არ იძებნება არც პარლამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე. გაუმჭვირვალედ წარიმართა, ასევე, თავად კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესიც. 

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შერჩევის პროცესის გაუმჭვირვალედ ჩატარება კოალიციას უჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესარჩევი კონკურსი წარიმართა მიკერძოებულად. ამ ეჭვს აძლიერებს  კონკურსის შედეგიც: მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველი გახდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი, ხოლო შესარჩევ კომისიას იმავე კომიტეტის თავმჯდომარე - ბატონი ზურაბ ტყემალაძე ხელმძღვანელობდა.
 
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობას ძალიან მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი დამცველის  მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი საქმიანობის უზრუნველყოფა ანალოგური საეთერო მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე დაგეგმილი გადასვლის პროცესში. სამწუხაროდ, უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული საზოგადოებრივი დამცველის პოზიცია იყო ვაკანტური. შესაბამისად, რთულია გავიხსენოთ მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის გადადგმული რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შერჩევის პროცესის და მისი შედეგის გათვალისწინებით, კოალიცია შიშობს, რომ გაუმჭვირვალე კონკურსის პირობებში დანიშნული ახალი საზოგადოებრივი დამცველი, ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე არაეფექტურად და მიკერძოებულად წარმართავს საქმიანობას და არ იქნება დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში. 
 
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს პარლამენტს ყურადღებით შეისწავლოს საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი კონკურსის მსვლელობა და მისი შედეგები და დააკვირდეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობას.
 
კოალიციის წევრი ორგანიზაციები:
• რეგიონულ ტელევიზიათა ქსელი
• მედიაკლუბი
• საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
• ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
• ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
• სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
• არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“
• ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი