კრიმინალის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილებაა, მაგრამ აღნიშნული ყოველთვის ადამიანის უფლებების მაქსიმალური პატივისცემით უნდა წარიმართოს. სახელმწიფო ვალდებულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად გამოიყენოს ის სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც ძირითად უფლებებში ნაკლებ ჩარევას მოითხოვს.
2017 წლის 22-24 დეკემბერს ჩატარებული საპოლიციო კონტროლის ღონისძიების პარალელურად არაერთი პირის მხრიდან გაჟღერდა ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია. იკვეთება რამდენიმე შემთხვევა, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას ან დისციპლინურ გადაცდომებს.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო ადგენს განსხვავებულ სამართლებრივ ბალანსს მოქალაქეებსა და პოლიციელს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, რომლის დროსაც ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაექვემდებაროს პოლიციის მხრიდან შემოწმებას. მსგავსი ინტენსივობისა და მასშტაბის უფლების მზღუდავი მექანიზმის გამოყენება სახელმწიფოს მხოლოდ განსაკუთრებულ, არაორდინალურ ვითარებაში უნდა შეეძლოს, თუმცა ამ შემთხვევაში “რეიდი” ჩატარდა ზოგადი პრევენციის მიზნით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები ნათლად ადასტურებს სამართალდამცავი სისტემის რეფორმის აუცილებლობას, რომლის მიზანიც უნდა იყოს პოლიციისთვის განახლებული ბუნების მინიჭება, რა დროსაც სამართალდამცავი იქნება მოქალაქის უფლებების დაცვაზე და მისი ნდობის მოპოვებაზე ორიენტირებული. ამავდროულად, კიდევ ერთხელ წარმოჩინდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავ პირთა მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებს.
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი მრავალი წელია ითხოვენ ამ ტიპის მექანიზმის შექმნას. შემუშავებულია შესაბამისი კანონის პროექტი, რომელსაც გავლილი აქვს სხვადასხვა ექსპერტიზა. ამ ტიპის მექანიზმის შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს პროკურატურა და მოქმედი სამართალდამცველი უწყებები ვერ იძიებენ ეფექტურად სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის მიმართ ნდობის გაჩენა შეუძლებელია საზოგადოებაში, სანამ არ იარსებებს დამოუკიდებელი უწყება, რომელიც პოლიციელთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს. დღეს საზოგადოებაში არსებობს განცდა, რომ პოლიციელთა მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას არ მოჰყვება შესაბამისი სამართლიანი პასუხისგება.
კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს დაიწყოს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ კანონის პროექტის განხილვა უმოკლეს ვადებში. აღნიშნული იქნება ეფექტური საშუალება, რომ დაისაჯონ უკანონო ქმედებების ჩამდენი პოლიციელები, პარალელურად ამაღლდება ნდობა ყველა იმ სამართალდამცველის მიმართ, რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ასრულებს.